ეროვნული უშიშროების საბჭო

ბოკერია: პრემიერს არ ესმის, როგორ მუშაობს მედია აშშ-სა და დემოკრატიულ სამყაროში

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. ბოკერიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი შეშფოთებას და გაკვირვებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერმინისტრისა და ფინანსთა მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების გამო. როგორც ირკვევა, საქართველოს ახალ მთავრობასა და მის მეთაურს მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონ პოსტის ან ნებისმიერი სხვა, რეპუტაციის მქონე გამოცემის სარედაქციო პოზიციას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი ან მის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო კომპანიები განსაზღვრავენ.

 პრემიერმინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პასუხს მოსთხოვს იმ პუბლიკაციების ავტორებსა და გამოცემებს, რომელთა კრიტიკასაც ის "არაობიექტურად" მიიჩნევს. უაღრესად შემაშფოთებელია საქართველოს პრემიერმინისტრისა და მისი კაბინეტის წევრების მიერ კრიტიკული აზრის მიმართ გამოჩენილი შეუწყნარებლობა. აღნიშნული ასევე ცხადყოფს, რომ პრემიერმინისტრს არ ესმის, თუ როგორ მუშაობს მედია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზოგადად, დემოკრატიულ სამყაროში.

ახალი მმართველი გუნდის მიერ საქმიანობის პირველი ერთი თვის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები, მისი რიტორიკა და რეაქცია ქვეყნის შიგნით ოპონენტების, უცხოელი პარტნიორებისა და საერთაშორისო პრესის მხრიდან კრიტიკაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც დგას, პირველ რიგში, ქართული დემოკრატია, ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და საბოლოო ჯამში, მისი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება.

გაკვირვებას იწვევს უშიშროების საბჭოს აპარატის მიმართ დასმული შეკითხვები. ინფორმაცია ჩვენ მიერ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების, მათი შინაარსისა და გაწეული მომსახურების ღირებულების შესახებ დიდი ხანია ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის: უშიშროების საბჭოს აპარატმა ხსენებული ხელშეკრულებების ასლები მიაწოდა ყველა ორგანიზაციას, რომელმაც შესაბამისი თხოვნით მოგვმართა. ხელშეკრულებები ასევე განთავსებულია შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამრიგად, ცნობილია ხელშეკრულებების შინაარსიც და გაწეული მომსახურების მიზნებიც.

ყველა ის ამოცანა, რომელსაც ემსახურებოდა საკონსულტაციო კომპანიების დაქირავება, დღესაც აქტუალურია ქართული სახელმწიფოსთვის. მათ შორისაა: ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, თავდაცვის, ნატო-ში ინტეგრაციის, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობა, მჭიდრო კონტაქტის დამყარება შეერთებული შტატების, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

რაც შეეხება უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტის შესახებ ფინანსთა სამინისტროსთვის სრული ინფორმაციის მიწოდებას, სამწუხაროდ, საბიუჯეტო განხილვის პროცესში ფინანსთა მინისტრმა უარი თქვა ჩვენ მიერ შეთავაზებული შეხვედრების გამართვაზე და წერილობითი ფორმით კომუნიკაცია არჩია. პირველი წერილობითი შეკითხვა უშიშროების საბჭოს აპარატმა მიიღო 9 ნოემბერს, რომელსაც პასუხი გაეცა 14 ნოემბერს. მოგვიანებით, 20 ნოემბერს ფინანსთა სამინისტრომ მოითხოვა დეტალური ინფორმაცია შესყიდული საკონსულტაციო მომსახურების შესახებ, რომელიც მას გადაეგზავნა 30 ნოემბერს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ასევე საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს პრემიერმინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „ძალიან მალე [დაკავებების] პროცესი ჩამთავრდება“. ამ ტიპის განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ ის პირადად აკონტროლებს ყოფილ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების, პოლიტიკური ოპონენტების, დაპატიმრების პროცესს და სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით იყენებს. ამის დადასტურება იყო მის მიერ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებული კომენტარებიც. ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ დაუკავშირა პოლიტიკური ოპონენტების პასუხისგებაში მიცემა იმ ფაქტს, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ოპოზიცია, არსებობს და ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებს. სისხლის სამართლებრივი დევნის შეჩერების ერთ-ერთ შესაძლო პირობად მან პრეზიდენტის გადადგომაც კი დაასახელა".

შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილმა Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა: "სააკაშვილი ცდილობს, არასწორი ინფორმაცია გაიტანოს საზღვარგარეთ. გიგა ბოკერიას სამსახურს ბიუჯეტიდან 16 000 000 ლარი აქვს დახარჯული, თუმცა ამ ინფორმაციის "გახსნა" ვერ მოვახერხეთ, მას გრიფი "საიდუმლო" ადევს. ინფორმაცია გამოითხოვა ფინანსთა მინისტრმა, თუმცა მასაც არ აძლევენ. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში შევძლებთ სიმართლის დადგენას, თუმცა დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ბიუჯეტიდან ამ თანხებით ფინანსდებოდა პასკვილები, რაც უცხოურ პრესაში იბეჭდებოდა".

 

 

კომენტარები