მთავარი პროკურორი

არჩილ კბილაშვილი: 10 დღის განმავლობაში ვგეგმავთ, რომ ციხის თემა გავხსნათ

დღეს, 4 დეკემბერს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. კბილაშვილმა სამართალდამცავ უწყებებში მიმდინარე გამოძიებების შესახებ ისაუბრა. 
მთავარი პროკურორის თქმით, ციხეებში პატიმართა წამების თემაზე მიმდინარე გამოძიება  უახლოესი 10 დღის განმავლობაში გაიხსნება. "ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება. ბევრი მოვლენა და გარემოება იქნა გამოკვეთილი და უახლოესი 10 დღის განმავლობაში ვგეგმავთ იმას, რომ  ციხის თემა გავხსნათ და საზოგადოებას გავაცნოთ, თუ რა მოხდა, როგორც მოხდა, რა ვითარებაში და რა მიზანს ემსახურებოდა ის", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
კბილაშვილი ასევე აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს. "როცა საქმეს იმ კონდიციამდე მივიყვანთ, რომ შესაძლებელი იქნება ბრალი სრულად გამოვკვეთოთ, ამას გავაკეთებთ", - ამბობს კბილაშვილი. 
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმესთან კავშირში პროკურატურამ უკვე დაკითხა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეები - ლევან გვაზავა და გია ლორთქიფანიძე. წინა კვირას ამ საქმესთან დაკავშირებით თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძეც დააკავეს. მიქაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, კბილაშვილის ინფორმაციით, ამჟამად რამდენიმე ვერსიის გადამოწმება ხდება. "გოგლა ჟვანია ჩვენთან არაერთხელ იყო მოსული. ეს ადამიანი მონდომებულია, რომ გამოძიებას დაეხმაროს. ვერსიებს, რომელიც მას გააჩნია, ვსწავლობთ. რაც შეეხება იმას, თუ რა ეტაპზეა გამოძიება - ხდება ვერსიების გადამოწმება, შეიძლება ითქვას, რომ გამოძიების შუაგულში ვართ", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა. 
კბილაშვილმა რობაქიძისა და ჟვანიას საქმეებთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვაზეც ისაუბრა. "დღეს ან ხვალ გამომძიებლები შეხვდებიან ირაკლი ოქრუაშვილს. მას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენთვის არის ცნობილი, რომ ოქრუაშვილისთვის ცნობილია, შეკითხვებს დაუსვამენ. ეს იქნება ზურაბ ჟვანიას თემა, ბუტა რობაქიძის, გელაშვილის თუ სხვა საქმე", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
მთავარი პროკურორი ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი პასპორტით ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასაც შეეხო.  მისი თქმით, ამ საქმეში "ჯერ არ არის გამოკვეთილი პასუხისმგებლობა" და ამდენად "ვინმეს დაპატიმრება", ამ მომენტისთვის, არ იგეგმება.  

კომენტარები