მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს მთავრობის მეთაურობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა, ჩვეული თავდაჯერებითა და სტილის შეგრძნებით ამცნო საზოგადოებას, რომ საქართველო სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს არ გამოუცხადებდა: „ღონისძიების ჩატარებას მივესალმებით, რაშიც საქართველომ აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს და ჩვენ, როგორც მეზობელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოლიმპიადა მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე ჩატარდეს”.
ამ ამბიდან ზუსტად ათ დღეში და, უნდა ვივარაუდოთ, ივანიშვილის განცხადებისგან სრულიად დამოუკიდებლად, ფრანგული და კანადური უნივერსიტეტების პროფესორთა თექვსმეტკაციანმა ჯგუფმა ყოველკვირეულ Nouvel Observateur-ში გამოაქვეყნა ღია წერილი სათაურით – „2014 წლის ოლიმპიური თამაშები სოჭში: მოვუწოდებთ ბოიკოტისკენ”, სადაც კერძოდ ვკითხულობთ: „ოლიმპიური იდეალისა და ხალხთა შორის მეგობრობის გუშაგად წოდებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კვლავ იტეხს სახელს უპრინციპო რეჟიმთან თანამშრომლობით, რომელსაც ამჯერად ვლადიმირ პუტინის ხელისუფლება განასახიერებს და რომელიც არად დაგიდევთ არც ადამიანის უფლებებს და არც სხვა დემოკრატიულ ფასეულობებს. ჯერ კიდევ ის ელვისებური და, პუტინის აღიარებითვე, წინასწარ დაგეგმილი ომი, რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ წარმართა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის გახსნის დღეს, საკმარისი საბაბი უნდა გამხდარიყო სოჭისთვის ოლიმპიადის მასპინძლობის ჩამოსართმევად. თუმცა, მსგავსი არაფერი მოხდა. სოკ-მა ამჯობინა თვალი დაეხუჭა კაგებეს ყოფილი პოდპოლკოვნიკისა და საბჭოური სტილის ძალაუფლების ვერტიკალის მეხოტბის ძალმომრეობებსა და პროვოკაციებზე. ამგვარად, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ოკუპაციას, ხოლო რუსული ნომენკლატურის მეგალომანიურ ოცნებად კვლავაც რჩება, ეკონომიკური შანტაჟისა და სამხედრო დაშინების კომბინირებით, ყოფილი საბჭოთა იმპერიის გავლენის ზონების აღდგენა. ... საქართველოს საზღვრებთან უშუალო სიახლოვეში მყოფი სოჭის არჩევით მოსკოვი აცხადებს, რომ კავკასია მისი სუვერენული სფეროა და რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მის პროტექტორატებს წარმოადგენენ”.
შემდეგ წერილის ავტორები მოიხსენიებენ იმ ქმედებებს, რომლებითაც უკანასკნელ წლებში პუტინის რეჟიმმა თავი გამოიჩინა: ჩეჩნეთის „ცეცხლის ალში გახვევას” და, შესაბამისად, ჩეჩნეთის მოსახლეობის მასობრივ დაბომბვებს, ხოცვა-ჟლეტასა და გაუპატიურებებს; „თვით რუსეთში” საზოგადოებრივი აზრის გაკონტროლებასა და „ბრუტალური მეთოდებით” ოპოზიციის სისტემატურ შევიწროებას; ანა პოლიტკოვსკაიასა და სერგეი მაგნიცკის მკვლელობებს; რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ინიცირებულ „კუდიანებზე ნადირობასა” და ჯგუფ Pussy Riot-ის ახალგაზრდა წევრების დატუსაღებას; „ქვეყნის შიგნით” საზოგადოებაში გამეფებულ ეთნიკურ სიძულვილს, ხოლო საერთაშორისო სარბიელზე კრემლის მიერ ბაშარ ასადის „კრიმინალური რეჟიმის” მხარდაჭერას და ა.შ.
ყოველივედან გამომდინარე, წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ როდესაც სოკ-ი ოლიმპიადის მასპინძლობას მსგავს რეჟიმს მიანდობს, ის თავისთავად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ოლიმპიურ ქარტიაში დეკლარირებულ „მშვიდობის”, „ძმობისა” და „სოლიდარობის” პრინციპებს, არამედ, იმავდროულად, „ნაციონალ-სოვიეტიზმისგან” მემკვიდრეობით მიღებული გეოსტრატეგიული პროპაგანდისტული ოპერაციის შეგნებული მონაწილე ხდება: „სოკ-ის იერარქები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად აცხადებენ, რომ საჭიროა „ოლიმპიური თამაშების პოლიტიკისგან გამიჯვნა”, განსაკუთრებით პირმოთნეები არიან, ვინაიდან ყოველი ოლიმპიადის მინიჭება – თავისთავად პოლიტიკური აქტია”. მეტიც, ავტორები გვახსენებენ, რომ სოჭში ოლიმპიადის გამართვის წინააღმდეგ უკვე მრავალგზის გაისმა ხმები და იშველიებენ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარელ შვარცენბერგის მოსაზრებას, რომ მას გაუგონრად მიაჩნია მშვიდობისა და სპორტის ზეიმის ჩატარების იდეა იმ ადგილების მეზობლად, სადაც „ხალხს ხოცავდნენ და აგრესიულ ომს აწარმოებდნენ”.
შესაბამისად, ხელმომწერთა აზრით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს არ გააჩნია მორალური უფლება 2014 წლის ოლიმპიური თამაშების სოჭში ჩატარებისა: „ჩვენ მოვუწოდებთ დემოკრატიულ ასოციაციებს, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას, საფრანგეთის მთავრობას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ჯგუფებს – მოითხოვონ ოლიმპიური თამაშების ჩატარების გაუქმება პუტინის რუსეთში ისეთი ქვეყნის სასარგებლოდ, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპებს და დემოკრატიულ ფასეულობებს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა ეროვნების ათლეტებს, უარი თქვან სოჭში დაგეგმილ მიზანსცენაში მონაწილეობაზე და ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადონ. და ბოლოს, ჩვენ მოვუწოდებთ ჟურნალისტებს, ამხილონ ოფიციალური კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი „საინფორმაციო სამსახურების” დეზინფორმაცია და ცენზურა”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ორიოდე წლის წინ განაცხადა, რომ მან თავის დროზე ღიად დაუჭირა მხარი სოჭში ოლიმპიური თამაშების ჩატარებას, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ახლად შექმნილი ვითარება „დაგვეხმარებოდა თავიდან აგვეცილებინა ის უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც უკვე შეინიშნებოდა იმ დროს, განსაკუთრებით აფხაზეთთან, ანუ ჩვენს ტერიტორიასთან მიმართებაში”. სააკაშვილი ამ ყოველივეს იმედოვნებდა 2007 წელს, სოჭისთვის ზამთრის ოლიმპიადის მინიჭების კვალობაზე. ხოლო 2008 წლის აგვისტოში მომხდარმა ომმა, ცხადია, ძირფესვიანად შეცვალა რუსეთის მიმართ არსებული სტრატეგიული მიდგომები.
მას შემდეგ საქართველოს სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობის საკითხი კამათის საგნად იქცა და უკვე არსებული დისკუსია, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გამძაფრდება 2014 წლის მოახლოებასთან ერთად. რა არის მონაწილეობის მომხრეთა ძირითადი არგუმენტი? ალბათ ის, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან და არ გვაქვს მორალური უფლება, ჩვენს სპორტსმენებს მსგავს მსხვილ ფორუმში მონაწილეობის შესაძლებლობა ჩამოვართვათ. შეიძლება ისიც, რომ ამჟამად რუსეთთან ურთიერთობების დათბობის მცდელობაში ვიმყოფებით და ბოიკოტის მსგავსი აქცია ვერ იქნება სიკეთის მომტანი. უსათუოდ იტყვიან იმასაც, რომ ოლიმპიადის ბოიკოტის პროცესში საქართველო ვერ შეძლებს სხვა ქვეყნების აყოლიებას და, ამ ყველაფრის ფონზე, ეულად და სასაცილოდ გამოჩნდება. მაგრამ, არსებული ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სპორტი და პოლიტიკა მუდამ მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი და არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ მომავალში სხვაგვარად იქნება. მსოფლიოში ყველაზე მსხვილ სპორტულ ღონისძიებას – ოლიმპიურ თამაშებს ისტორიულად თანსდევდა პოლიტიკური კონტექსტი და ამას მოწმობს ოლიმპიადების ბოიკოტების ისტორიაც: 1956 წელს სუეცის კრიზისისა და ეგვიპტის წინააღმდეგ საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ისრაელის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის გამო, მელბურნის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრნენ ეგვიპტე, ერაყი და ლიბანი. ჩინეთმა უარი თქვა ამავე ოლიმპიადაზე დასწრებაზე, რადგან ტაივანს დართეს მონაწილეობის უფლება. და, რაც ყველაზე საგულისხმოა, საბჭოთა კავშირის მიერ ამავე წელს ბუდაპეშტის აჯანყების რეპრესირების გამო ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადეს თითქოსდა ამ ყოველივესგან შორს მყოფმა ჰოლანდიამ, შვეიცარიამ და ესპანეთმა.
როდესაც 1980 წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტი კარტერი საბჭოთა კავშირს ულტიმატუმს უცხადებდა და ერთი თვის მანძილზე ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას მოითხოვდა, სავარაუდოდ, მას არ უნდა ჰქონოდა ილუზია, რომ კრემლი ამ ულტიმატუმს დაჰყვებოდა. შესაბამისად, ამერიკის მიერ მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტი, რომელსაც ორმოცდაათამდე ქვეყანამ დაუჭირა მხარი, იქცა მძლავრი სიმბოლური დატვირთვის საპროტესტო აქტად და კრემლის პროპაგანდისტულ ღონისძიებაში არმონაწილეობის გამოხატულებად.
ამრიგად, ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი, პირველ რიგში, არა პოლიტიკური დივიდენდების ძიების, არამედ ღირსებისა და თავმოყვარეობის საკითხია. ბერლინის ოლიმპიადა 1936 წლის ნაცვლად ოთხი წლით გვიან რომ გამართულიყო, ნუთუ მას დაესწრებოდნენ მესამე რაიხის აგრესიის მსხვერპლი ჩეხები და პოლონელები? ნუთუ ამ ქვეყნების ათლეტები ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალისას ზარ-ზეიმით ჩაივლიდნენ საპატიო ტრიბუნაზე გამოჭიმული ადოლფ ჰიტლერის ცხვირწინ? და, ნუთუ ჩვენმა სპორტსმენებმა მხნე და ოპტიმისტური მარშით ცხვირწინ უნდა ჩაუარონ სოჭის ოლიმპიური სტადიონის საპატიო ტრუბუნაზე გამოჭიმულ პუტინსა და მედვედევს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს ჩვენს ქვეყნებს შორის?
და, თუკი კვლავ გაისმება ხმები, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე წაუსვლელობა „დიდი დარტყმა იქნება ქართული ოლიმპიური მოძრაობისთვის” (გია ვოლსკი რუსთავი 2-ის 17 ოქტომბრის ეთერში), გავიხსენოთ, რომ 1956 წლიდან, ანუ ჩვენების ზამთრის ოლიმპიადებზე პირველად გამოჩენიდან მოყოლებული, ქართველთა უდიდესი მიღწევა კობა წაქაძის მეცხრე ადგილია 70-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომისას შორეულ 1972 წელს, იაპონურ საპოროში. დიდად საეჭვოა ისიც, რომ რომელიმე ჩვენიანს მომავალ ოლიმპიადაზე წაქაძის რეკორდის გაუმჯობესების ოდნავი შანსი მაინც ჰქონდეს.
იმ დროს, როდესაც დასავლელი ინტელექტუალები და პოლიტიკოსები (გავიხსენოთ ამერიკელი კონგრესმენების, ალისონ შვარცისა და ბილ შუსტერის, ბოიკოტისკენ მოწოდება ჯერ კიდევ 2008 წლის 15 აგვისტოს, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ინტერვენციიდან ზუსტად ერთ კვირაში) სოჭში ოლიმპიადის ჩატარების ამორალურობაზე მიანიშნებენ, ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში უთუოდ აღიქმება ჩვენივე უცხოელი მხარდამჭერების მიერ როგორც სამარცხვინო, უთავმოყვარეო და უგუნური აქტი.
მაშ, რა გვესაქმება სოჭის ოლიმპიადაზე?