რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ზურაბ აბაშიძე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებებს არ გამორიცხავს

პირველმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ დიალოგი შესაძლებელია, - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. გასულ კვირაში მან ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პირველი შეხვედრა გამართა.

ზურაბ აბაშიძის შეფასებით, "პირველი კონტაქტის კვალობაზე შეხვედრა ცუდი არ იყო და საქმიან ვითარებაში ჩაიარა". ამავე დროს, მისი თქმით, მომავალი შეხვედრების თარიღი და ფორმატი ჯერ განსაზღვრული არ არის.

როგორც პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ახალ ფორმატში საუბარი შეეხება ჰუმანიტარული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და რეგულარული რეისების აღდგენას. რაც შეეხება ჟენევის კონსულტაციებს, ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების ამ ფორმატს საფრთხე არ ემუქრება და ახალი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მის გასაძლიერებლად.

"1 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე ამომრჩევლის მანდატი იყო, რომ რუსეთთან საერთო ენა გამოგვენახა. არ შეიძლება, ვიყოთ მუდმივ კონფრონტაციაში. მე არ ვიცი ქვეყანა, რომელსაც ასეთივე ურთიერთობა აქვს ჩვენს დიდ და რთულ მეზობელთან. ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად გვირჩევდნენ რუსეთთან დიალოგის დაწყებას. დღემდე მესმის რჩევები და მხარდამჭერა ჩვენი დასავლელი კოლეგებისგან", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისი თქმით, დიალოგის ალტერნატივა მხოლოდ ჩიხი და მუდმივი დაძაბულობაა.

"მოლაპარაკებები ია-ვარდით მოფენილი გზა არ არის. ვიცით, რომ მოვისმენთ ბევრ მწვავე კრიტიკას, თუმცა იმედია, ეს პროცესი წარმატებით დასრულდება", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისი ინფორმაციით, მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება, თუმცა ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ანალოგიური შეხვედრები დაახლოებით 2-3 თვეში ერთხელ, საჭიროების შესაბამისად გაიმართება.

ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, გადაიხედოს შეხვედრების ფორმატიც და მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაიმართოს.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გამორიცხულია რაიმე დათმობა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საგარეო-პოლიტიკური კურსის საკითხებში. ამავე დროს, მისი თქმით, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები. "თუ დავინახავთ პოზიტივს და აღმოვაჩენთ, რომ ეს რეალურ პროგრესს ხელს უშლის, ალბათ, პარლამენტარები იფიქრებენ იმაზე, რომ მოდიფიკაცია შეიტანონ ამ კანონში, კონკრეტულად იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც აფხაზეთსა და ცხინვალში ნამყოფი პირების დაკავებას ეხება - იმ შემთხვევაში, თუ ისინი თბილისში ჩამოვლენ", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძემ ასევე განმარტება გააკეთა მოლაპარაკებების შემდეგ სააგენტო რია-ნოვოსტის მიერ გავრცელებულ კარასინის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები "რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს არ დააზარალებს". აბაშიძის, თქმით, კარასინის განცხადებას "ჟურნალისტებმა არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს" და სინამდვილეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე "ორივე ქვეყნის ინტერესებზე" საუბრობდა.

 

კომენტარები