იუსტიციის სამინისტრო

რუსეთ-საქართველოს ომის დროს მომხდარ ფაქტებზე გამოძიება ჩატარდება

საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიება ჩატარდება, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისში მიმდინარეობს ამ ფაქტებთან დაკავშირებული საქმის პირველადი შესწავლა. პირველადმა შესწავლამ უნდა გაარკვიოს, დაიწყება თუ არა გამოძიება. გადაწყვეტილება ამის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა უნდა მიიღოს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს პროკურატურამ საქართველოში მიმდინარე გამოძიების შესახებ ბოლო ინფორმაცია შემოდგომის დასაწყისში მიაწოდა.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მთავარ პროკურატურასთან ერთად, გააგრძელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარი ფაქტების სრულფასოვან გამოძიებას, რისთვისაც საგამოძიებო ჯგუფის გაფართოებასა და გაძლიერებას გეგმავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები