საპარლამენტო უმრავლესობა

კობა დავითაშვილი: თუ სააკაშვილს კონფრონტაცია სურს, მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი საქართველოს პრეზიდენტს „ადეკვატური პასუხით“ ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ იგი საერთო სასამართლოების შესახებ კანონს ვეტოს დაადებს.

დავითაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ კანონით დამოუკიდებელ სასამართლოს ამკვიდრებს და მართლმსაჯულებას პოლიტიკური წნეხისაგან ათავისუფლებს. „სააკაშვილისათვის, როგორც ავტორიტარული ლიდერისათვის, ეს მიუღებელია. მას სურს შეინარჩუნოს წნეხი სასამართლოებზე და ყურმოჭრილი ჰყავდეს. სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა განახორციელა სასამართლოს დასამარება 2003-2004 წლებში, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პირველ თვეებში მან დაითხოვა და თავიდან დააკომპლექტა მთელი მოსამართლეთა კორპუსი. ჩვენი კანონპროექტი მოსამართლეების დათხოვნას კი არ ითვალისწინებს, ისინი რჩებიან ადგილებზე და თავისუფლდებიან პოლიტიკური წნეხისაგან, რაც აქამდე ჰქონდათ, როდესაც ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდნენ“, - ამბობს დავითაშვილი.

როგორც კობა დავითაშვილი ამბობს, მოსამართლეებს რეალური თვითმმართველობა მიეცემათ. რადგან, მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები ამ წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.

„ამ კანონით სასამართლო ხდება დამოუკიდებელი და ეს აწუხებს სააკაშვილს. ის გვემუქრება ვეტოს გამოყენებით. თუ სააკაშვილი გადადის ღია კონფრონტაციაზე „ქართულ ოცნებასთან“, ჩვენი პასუხი იქნება ადეკვატური. თუ ის გამოიყვანს 200 კაცს ქუჩაში, ჩვენ გამოვიყვანთ 200 ათას კაცს. თუ ის ვეტოს დაადებს კანონპროექტს, ჩვენ დავძლევთ ამ ვეტოს. თუ მას სურს ასეთი ურთიერთობა და კონფრონტაცია, ის მიიღებს ამას“, -ამბობს კობა დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით მიიღო.

 

კომენტარები