მისია ავღანეთში

ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი სერჟანტი დაკრძალეს

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო დღეს რუსთავში დაკრძალეს. სერჟანტ გიორგი კიკაძის დაკრძალვის ცერემონიაში თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ოფიცრები მონაწილეობდნენ. დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრეს პრმიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. დაკრძალვას ასევე ესწრებოდა აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარ ნორლანდი.

„ამ კაცმა სამშობლოს შესწირა თავი. საერთაშორისო თანამეგობრობის ძალებთან ერთად, ის იცავდა არა მხოლოდ თავის სამშობლოს, არამედ უცხო ქვეყნის უსაფრთხოებასაც, და ამით ძალიან დიდ იმიჯს უქმნიდა ჩვენს სამშობლოს. რა თქმა უნდა, ეს დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსთვის და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს. უნდა მოვახერხოთ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გახდეს ჩვენი ჯარისკაცების სამსახური, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ. თვითონ პროცესი, ის რომ ქართველი ჯარისკაცი ავღანისტანში იღუპება, რა თქმა უნდა, ბადებს კითხვებს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა განვუცხადო საზოგადოებას, რომ თავდაცვის სამინისტროს და ჩვენი ჯარების მონაწილეობა მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემაში ჩვენი ქვეყნისთვის საამაყოა და მომავალში ამაზე არა თუ უარს ვერ ვიტყვით, უნდა გავაძლიეროთ და ავამაღლოთ ჩვენი როლი ამ პროცესებში.. .მაგრამ უნდა შევეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსხვერპლი იყოს რაც შეიძლება, ნაკლები იყოს." - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სერჟანტი გიორგი კიკაძე 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი ძიება-გადარჩენის ოპერაცია. 29 დეკემბერს სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.

 

კომენტარები