სომეხთა ეკლესია

სომეხთა სამოციქულო ეკლესია: სომეხი პოლიტპატიმრები განთავისუფლდნენ

სომეხთა სამოქიცულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია არმენ გევორქიანისა და რუბენ შეკოიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრესრელიზს აქვეყნებს. ეპარქიის განცხადებით, "2010 წლის ოქტომბერში აჭარის სომხური სათვისტომოს ცნობილი წარმომადგენლები - არმენ გევორქიანი და რუბენ შეკოიანი, ყალბი ბრალდებებით დააპატიმრეს და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მათ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის დეკემბერში მიღებული "ამნისტიის შესახებ" კანონის თანახმად, ამა წლის 13 იანვარს, სხვა 190 პირთან ერთად, მოხდა არმენ გევორქიანის და რუბენ შეკოიანის განთავისუფლება".

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ყოფილი პატიმრები ავლაბრის წმინდა ეჩმიაძინის ეკლესიაში მივიდნენ, სადაც მათ საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადწმინდაუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ეპარქიის სასულიერო დასი და ეპარქიის ოფიციალური პირები დახვდნენ. ეპარქიის წინამძღვარმა აღავლინა ლოცვა და დალოცა არმენ გევორქიანი და რუბენ შეკოიანი. ეპისკოპოსმა დადებითად შეაფასა საქართველოს ახალი ხელისუფლების "სამართლიანი და ჰუმანური ქმედებები და ახალგაზრდებს განთავისუფლება მიულოცა".

 "არმენ გევორქიანი დიდი ხნის განმავლობაში იყო აჭარის სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელი და 1990-იან წლებში მან ორგანიზება გაუწია ბათუმის სურბ ფრკიჩ სომხური ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოების შესრულებას, რომლებიც 1996 წელს დასრულდა. არმენ გევორქიანსა და რუბენ შეკოიანს პატივს სცემს არა მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სომხური სათვისტომო, არამედ აჭარის მთლიანი მოსახლეობა. ახლო მომავალში ველოდებით აგრეთვე სომეხი მოღვაწის, პოლიტიკური პატიმრის ვაჰაგნ ჩახალიანის განთავისუფლებასაც", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები