”პოლიტპატიმრები”

ტრისტან წითელაშვილი ბოკერიას, უგულავასა და გაბაშვილს ბრალს სდებს

ბატალიონ "ავაზის" მეთაურმა, ტრისტან წითელაშვილმა, რომელმაც ციხე "პოლიტპატიმრის" სტატუსით დატოვა, საკუთარი დაკავების შესახებ განცხადება გააკეთა. 2008 წლის აგვისტოში დაკავებული წითელაშვილი მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მიზეზად, აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ბევრი ინფორმაციის" ფლობას ასახელებს.

მისი თქმით: "საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცხინვალის მიმართულებით ცეცხლი გახსნა 7 აგვისტოს ღამის 12 საათზე. პარალელურად, დილის 4 საათზე, დავიწყეთ სახმელეთო შეტევა. 8 აგვისტოს, მივიღეთ ბრძანება, რომ დაგვეტოვებინა ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები - ცხინვალი და მისი მიმდებარე სოფლები. 9 აგვისტოს, სოფელ ნიქოზიდან წამოვედი შტაბში, რადგან ვხედავდი, რომ იქმნებოდა საკმაოდ არაორგანიზებული ვითარება. პარტიული და ნათესაური ნიშნით დანიშნული ბრიგადის და ბატალიონების მეთაურების მხრიდან ადგილი ჰქონდა ქაოსურ ქმედებას. არაორგანიზებულად მიმდინარეობდა როგორც შეტევის, ასევე, ქალაქიდან გამოსვლის პროცესი. მივედი შტაბში, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით ხელმძღვანელობისთვის მეთხოვა რეზერვისტების დახმარება, რომლებიც ამ დროისთვის სკოლებსა და კლუბებში ჰყავდათ მოთავსებული", - აცხადებს წითელაშვილი.

წითელაშვილი ჟურნალისტებს უყვება, როგორ შეესწრო შემთხვევით, აგვისტოს ომის პერიოდში მაღალჩინოსნების საუბარს. ის იხსენებს, რომ ხელმძღვანელობის მოლოდინში ერთ-ერთ ოთახში ჩაეძინა და შემდეგ ხმაურმა გამოაღვიძა: "შემოვიდა ბოკერია, უგულავა, ბაგაშვილი და მათ ერთმანეთთან საუბარში დაგეგმეს, რომ უნდა ჩატოვებულიყო მშვიდობიანი მოსახლეობა, რადგან ჩვენ, საქართველოს მიგვეღო მსხვერპლი - მაქსიმალური მსხვერპლი როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე სამხედრო მოსამსახურეების", - ამბობს წითელაშვილი. ის საკუთარ დაპატიმრებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს.

წითელაშვილი ერთ-ერთია იმ "პოლიტპატიმრებს" შორის, ვინც პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის დაწყების მოთხოვნას ხელი მოაწერა.

"ავაზის" მეთაური პრესის ინტერესის საგნად ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე იქცა. 2002 წლის აპრილში რადიო თავისუფლება წერდა, რომ პოლკოვნიკი წითელაშვილი საქართველოში მორიგ სამხედრო გადატრიალებას წინასწარმეტყველებდა:

"ერთ დროს ცნობილი საველე მეთაური ირწმუნება, რომ რუსეთის სპეცსამსახურები, ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი პირისა და სამხედროების ხელით, მაისში პრეზიდენტ შევარდნაძის ლიკვიდაციას გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ ეს სენსაციური განცხადება მოჰყვა კვირას გადაცემა "60 წუთით" ნაჩვენებ სიუჟეტს, რომელშიც იარაღის უკანონო ბიზნესში წითელაშვილის მონაწილეობაზეც იყო საუბარი", - აღნიშნავდა რადიო თავისუფლება.

"წითელაშვილის ინფორმაციით, გადატრიალების მზადებაში აქტიურად არიან ჩართულნი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მყოფი გარკვეული პირები, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილე ვეტერანები, რომლებიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში მოტყუებით ჩააბეს. როგორც წითელაშვილი აცხადებს, უფრო დეტალურ ინფორმაციას მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ შესაბამისი ორგანოები ჩეჩენი აიუბ პაიკაევისგან მიიღებენ, რომლის ბრალეულობის დასადგენად, პოლკოვნიკის განმარტებით, უშიშროების საგამოძიებო ორგანოები თურმე უკვე ახორციელებენ შესაბამის საპროცესო ქმედებებს.

მაგრამ, უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, აიუბ პაიკაევის საქმე ამ უწყებაში არ აღმოჩნდა. გარდა ამისა, ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ წითელაშვილის ეს სენსაციური განცხადება მოჰყვა კვირას გადაცემა "60 წუთით" ნაჩვენებ სიუჟეტს, რომელშიც იარაღის უკანონო ბიზნესში სკანდალური პოლკოვნიკის მონაწილეობაზეც იყო საუბარი. ხოლო ფარული კამერით გადაღებულ კადრებზე, წითელაშვილთან ერთად, სწორედ ზემოხსენებული აიუბ პაიკაევი იყო დაფიქსირებული.

თუმცა პოლკოვნიკი აცხადებს, რომ, იარაღით ვაჭრობის საბაბით, პაიკაევთან კავშირზე გასვლა წინასწარ იყო შეთანხმებული უშიშროების ორგანოებთან და მიზნად ახალი სახელმწიფო გადატრიალების გეგმის გამჟღავნებას ისახავდა. ამ თვალსაზრისით, წითელაშვილს გარკვეული გამოცდილება, მართლაც, დაუგროვდა. იგი ბრალდების მთავარ მოწმედ გადიოდა სახელმწიფო ღალატში "მხილებული" გენერლის გუჯარ ყურაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელიც სახელმწიფო ბრალდების კრახით დასრულდა", - ნათქვამია რადიო თავისუფლების სტატიაში.

"60 წუთის" ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, პოლკოვნიკი წითელაშვილი ჩაბმული იყო იარაღით უკანონო ვაჭრობაში. ჩეჩენმა ლტოლვილმა აიუბ პაიკაევმა ის ფარული კამერით ჩაწერა. "ახალი ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, "60 წუთის" ჟურნალისტი ბესო კურტანიძე ამბობდა: "როგორც თავად პაიკაევმა გვითხრა, წითელაშვილს იგი დაახლოებით შვიდი თვის წინ დაუკავშირდა. მისივე ინფორმაციით, პოლკოვნიკი ჩეჩნებს იარაღის ბიზნესში ეხმარებოდა. აიუბის თქმით, წითელაშვილმა იარაღის შეძენის მიზნით ჩეჩენი ეროვნების ერთი ახალგაზრდა კაცისგან, ვინმე მუსტაფასაგან, შვიდი ათასი დოლარი აიღო. გარდა ამისა, წითელაშვილს ერთ-ერთმა ჩეჩენმა იარაღის საყიდლად 3 800 დოლარი გადასცა. ამ გარიგებებში შუამავალი კი თავად აიუბ პიაკაევი იყო. მაგრამ ტრისტან წითელაშვილმა პირობა არ შეასრულა - ფული აიღო, ხოლო იარაღი არ შეიძინა. ასე რომ, მან ჩეჩნები გადააგდო. რადგან ამ საქმეში შუამავალი პაიკაევი იყო, ჩეჩნები ფულის დაბრუნებას მას სთხოვდნენ. სწორედ ამის გამო მოვიდა აიუბი ჩვენთან".

ამის შემდეგ აიუბ პაიკაევი იწყებს ფულის დაბრუნების მიზნით წითელაშვილთან მოლაპარაკებას, ისინი ერთმანეთს კაფეში ხვდებიან, ამჯერად პიაკაევი მას "60 წუთის" ფარული კამერით იწერს. წითელაშვილი ახალ გეგმას სახავს, რომელმაც მისი ვალი უნდა გაქვითოს, კერძოდ ჩეჩნებს უთვლის, ალკოჰოლური სასმელების კომპანიის, "სარაჯიშვილის" მფლობელის, ბაბუტეიშვილის გატაცებას. წითელაშვილი ჩეჩნებს ბიზნესმენის პანკისში ჩაყვანას სთავაზობს და მის გამოსახსნელად ოჯახისთვის მილიონი დოლარის გამოძალვას, რაშიც მათ ვალის გამოქვითვასთან ერთად წილში ჩასმასაც სთხოვს. ჩეჩნები ამ წინადადებაზე უარს ამბობენ.

ახალი ვერსია შემდგომ გამოძიებასთან დაკავშირებით წერდა: "მალე ახალი გეგმა შედგა: ჩეჩნები 300 დოლარს მისცემდნენ პაიკაევს. ამ თანხით ის ცხინვალში, რუსეთის სამშვიდობო ძალების ბაზაზე, საჭირო იარაღს შეიძენდა, ხოლო ახმეტამდე მის უსაფრთხო ტრანსპორტირებას უკვე თავად წითელაშვილი უზრუნველყოფდა. ამ ოპერაციის სანაცვლოდ პოლკოვნიკს ჩეჩნები ვალიდან 500 დოლარს გაუქვითავდნენ. ეს გეგმა ორივე მხარისთვის მისაღები აღმოჩნდა".

ბესო კურტანიძე: "ჩვენ მთელ ამ პროცესს თვალს ვადევნებდით. პაიკაევმა რჩევა გვკითხა: წასულიყო თუ არა იარაღის შესაძენად და ამით ისიც დაემტკიცებინა, რომ წითელაშვილი თავის დროზე საქართველოს იარაღს ჩეჩნეთში სწორედ ასე ყიდდა. სხვათა შორის, წითელაშვილი თავდაცვის სამინისტროდან გაგდებულია. ოფიციალურ მიზეზს არ გვეუბნებიან, მაგრამ სატელეფონო საუბრებში ამბობენ, რომ სამსახურიდან მის ბატალიონში აღმოჩენილი იარაღის დანაკლისის გამო გააგდეს. პაიკაევთან ერთად ცხინვალში ჩვენი გადამღები ჯგუფიც წავიდა. იქ აიუბი შეხვდა რუს და ოს სამხედროებს და რუსეთის სამშვიდობო ძალების ბაზაზე იარაღი, 10 ყუმბარმტყორცნის მოწყობილობა და ავტომატის 10 ათასი ტყვია იყიდა. თავად წითელაშვილი მართლაც ჩამოვიდა ცხინვალში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი გადამღები ჯგუფის მანქანა შეამჩნია და უკან გაბრუნდა. მას ვაჟა მანსურაშვილზე გადაცემები ნანახი ჰქონდა და იცოდა, რომ პაიკაევი და "60 წუთი" თანამშრომლობდნენ. ამიტომ წითელაშვილს სულ ეჭვი ჰქონდა, პაიკაევი მასაც იგივეს ხომ არ უწყობდა, რაც თავის დროზე მანსურაშვილს გაუკეთა. მაგრამ პაიკაევმა დაარწმუნა, რომ მისი "60 წუთში" გამოაშკარავება არ სჭირდებოდა. მას შემდეგ, რაც წითელაშვილზე ჩვენი გადაცემა ეთერით გავიდა, პოლკოვნიკი თავის გამართლების მიზნით ამბობდა: პაიკაევი "ფეესბეს" აგენტია, მე მის გამოსააშკარავებლად ოპერაციას ვატარებდი და სამხრეთ ოსეთში იარაღის წამოსაღებად სწორედ ამიტომ ჩავედიო".

 

 

 

 

 

 

კომენტარები