მთავარი პროკურორი

კბილაშვილი: ჩვენ გვაქვს მასალები, რომლის უბრალოდ გაფიქრებაც კი ადამიანს შეზარავს

"ჩვენ ვიხილეთ ცოცხები საპყრობილეში, ვიხილეთ ჰომოსექსუალთა შანტაჟი, მაგრამ ჩვენ გვაქვს უამრავი სხვა ტიპის ინფორმაცია და მასალები, რომლის უბრალოდ გაფიქრებაც კი ადამიანს შეზარავს", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა გადაცემა პოსტ სკრიპტუმთან საუბარში.
მისი თქმით, "აღნიშნულ განცხადებას ახლა კადრებით ვერ დაასაბუთებს, მაგრამ წინა ხელისუფლების ავადმყოფური ქცევის ფანტაზიას დასასრული არ აქვს".
"წარმოიდგინეთ,  როცა პატიმარს აყურებინებენ მისი ოჯახის წევრის გაუპატიურებას, წარმოიდგინეთ შემთხვევა, როცა ყელამდე მიწაში ადამიანს ფლავენ და მის თავზე, ასე ვთქვათ, ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ. ამ ყველაფერზე გამოძიება მიმდინარეობს და მინდა ვთქვა, რომ ავადმყოფური ქცევის ფანტაზიას დასასრული არ აქვს. ჩვენ საოცრად არაადეკვატური და ძნელად განსაჭვრეტი რეალობის მხილველები ვართ, მაგრამ უკვე გაკვირვების სიმპტომიც კი გამქრალი გვაქვს", - განაცხადა კბილაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ სექსუალურ უმცირესობათა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, მთავარი პროკურორის ინფორმაციით, გამოძიებას მსგავსი 80-ზე მეტი ვიდეომასალა აქვს.

"გამოძიება დაიწყო ასე - მოგვმართა მსხვერპლმა, რომელმაც ფოსტის მეშვეობით წერილი და ვიდეოჩანაწერი მიიღო. მისგან ითხოვდნენ გარკვეულ თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ჩანაწერი გავრცელდებოდა. ჩანაწერში ამ ადამიანმა მახეში გაბმის შედეგად საკუთარი თავი ამოიცნო. მან ჩვენ მოგვმართა და აქედან დავიწყეთ გამოძიება. გამოძიების შედეგად მოვიპოვეთ გარკვეული ფირები, ახსნა-განმარტებები. გავრცელებული ინფორმაცია 80 და მეტი ვიდეოფირის შესახებ მართლაც მოიპოვება საგამოძიებო მასალებში. ეს მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ მასშტაბები ასეთი მოქმედებების იყო ძალიან დიდი", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

რაც შეეხება საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას, რომ აღნიშნული ვიდეომასალების გავრცელების გამო პროკურატურამ ბოდიში უნდა მოიხადოს, კბილაშვილი მათ არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მისმა უწყებამ ავადმყოფობა გამოავლინა. კბილაშვილის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ "გარკვეული ადამიანები გარკვეულ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ როლს ასრულებენ ამ შემთხვევაში". 
"ნუთუ შეიძლება ამ ავადმყოფობის გამოვლენისთვის ვინმემ ბოდიში მოიხადოს? ესაა ის ქმედება, რომელიც დროულად უნდა გაგვეკეთებინა", - დასძინა არჩილ კბილაშვილმა.  

კომენტარები