საგარეო ვაჭრობა

საქსტატმა საგარეო ვაჭრობის 2012 წლის მონაცემები გამოაქვეყნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა დეპარტამენტმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის 2012 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, 2012 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11%-ით გაიზარდა და 10.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 12.2%-ით გაიზარდა და 5.46 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2012 წელს წინა წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა ექსპორტი (2.37 მილიარდი დოლარი შეადგინა), 11%-ით მოიმატა იმპორტმა (7.84 მილიარდი დოლარი).

საგარეო ვაჭრობაში 2012 წლის ბოლო კვარტალში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.8%-იანი კლება დაფიქსირდა. ექსპორტმა 2012 წლის ოქტომბერ-დეკემბერში 609 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 4.5%-იანი კლებაა, მეოთხე კვარტალში 2.3%-ით შემცირდა იმპორტი. მეოთხე კვარტალში 1.3%-ით შემცირდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კვლავ თურქეთია - მასთან სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 1.53 მილიარდი დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (1.26 მილიარდი), უკრაინა (764.1 მილიონი).

მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 30.4%-ით გაიზარდა და საქართველოს მთლიანი ექსოპრტის 24.7% შეადგინა. შემდეგ მოდის ფეროშენადნობი 11%-იანი წილით მთლიან ექსპორტში, აზოტოვანი სასუქები (5.8%), ოქრო (3.7%), თხილი (3.5%). მთლიანი ექსპორტის 2.7% შეადგინა ღვინომ, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებლია 2006 წელს რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს შემდეგ.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2012 წელს კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო (12.1% მთლიან იმპორტში), შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები (8.5%), ნახშირწყალბადები (3.2%), ხორბალი (3.1%).

 

 

 

 

კომენტარები