რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

რუსი ექსპერტები საქართველოს დე ფაქტო მთავრობების პოლიტიკურ სუბიექტებად აღიარებას სთავაზობენ

რუსი ექსპერტების ნაწილი, საქართველოს ხელისუფლებას, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობების პოლიტიკურ სუბიექტებად აღიარებას სთავაზობს. ამის შესახებ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნაშია ნათქვამი.

ანგარიშის ერთ-ერთი ავტორის, ნიკოლაი სილაევის განცხადებით, ''ეს ნაბიჯი დამოუკიდებლობის აღიარებას არ გულისხმობს''. მისივე განმარტებით, ანგარიშში საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომელიც რუსეთმა და საქართველომ შეიძლება გადადგან. 

"რაც შეეხება რუსული მხარის გადასადგმელ ნაბიჯებს, საუბარია ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეზღუდვების მოხსნაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის გზების ძიების განხილვასა და საქართველოს მთელი რიგი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე. ძირითადი აქცენტია ჰუმანიტარულ კონტაქტებზე. ამ გაგებით რუსეთი, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, წააგებს, თუ საქართველოს მოქალაქეები იქ ჩასვლას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საქართველოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებს, ჩვენ ვთავაზობთ, განვიხილოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებთან, როგორც პოლიტიკურ სუბიექტებთან ურთიერთობის ვარიანტი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ფორმულირება არ გულისხმობს საქართველოს მხრიდან მათ აღიარებას. ჩვენ გვესმის, რომ ეს ამ ვითარებაში შეუძლებელია. ჩვენ არ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ იქ ხორციელდება რუსეთის ოკუპაცია და თავად ეს ტერმინიც კონტრპროდუქტიულია, როგორც ქართველებსა და აფხაზებს, ისე ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით", - განაცხადა ნიკოლაი სილაევმა. 

მისივე თქმით, სავარაუდოდ, რუსეთი და საქართველო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კავკასიის საკითხშიც შეძლებენ.

"ვიმედოვნებთ, არავინ შეუშლის ხელს ახალ ხელისუფლებას, უარი თქვას ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაზე, რომელშიც რუსი პოლიტიკოსები და რუსული საზოგადოება მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებდა", - აღნიშნა ნიკოლაი სილაევმა. 

ანგარიშის კიდევ ერთი ავტორის, ანდრეი სუშენცოვის თქმით, მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ ამ ანგარიშს ''საქართველოში კრიტიკა მოჰყვება''.

"ჩვენ ამას ვაცნობიერებთ, მაგრამ თუ განხილვები და კავშირები არ გვექნება, უწინდებურად ჩიხში დავრჩებით. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ურთიერთობების ნორმალიზაცია უკვე დაიწყო. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მოხდეს. დასკვნაში ხუთ ძირითად საკითხს ვეხებით. პრიორიტეტულად თუ დავყოფთ, ესენია - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა, NATO და რეგიონული უსაფრთხოება, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ჰუმანიტარული კონტაქტები. ყველა მიმართულებით, თუ პირადი ცხოვრებისეული პრინციპული პოზიციებით არ იმოქმედებენ, მხარეებს შეუძლიათ კომპრომისების მიღწევა. ჩვენ ვიმყოფებით ვითარებაში, როდესაც ურთიერთგაგება არ არსებობს. ეს ორ ქვეყანას შორის არაჯანსაღი ურთიერთობაა", - განაცხადა სუშენცოვმა. 

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით რუსი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნის განხილვა სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში მიმდინარეობს. კონფერენციას, ქართველ პოლიტოლოგებსა და ექსპერტებთან ერთად, საქართველოს პრემიერმინსიტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში, ზურაბ აბაშიძეც ესწრება. 

კომენტარები