საპარლამენტო უმრავლესობა

კობა დავითაშვილი: ქართული ოცნება გუნდი არ არის, გუნდი ასე არ იქცევა

   

 

გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ქართულ ოცნებაში გადაწყვეტილებებს მხოლოდ „უმრავლესობის ელიტა“ იღებს. მისი თქმით, ის ვერ ახერხებს უმრავლესობის სხდომებზე საკითხის დასმას თუ  დასწრებას, ვინაიდან ასეთი სხდომები არ იმართება.

 „მქონდა განცდა, რომ ვიყავი ერთიანი გუნდის წევრი, მქონდა მცდელობა, რომ გუნდის შიგნით გადაგვეწყვიტა საკითხები, მაგრამ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ბატონ ბიძინასთან ვერ მივაღწიე შეხვედრას, ვერ მივაღწიე უმრავლესობის სხდომაში მიმეღო მონაწილეობა, რადგან ასეთი სხდომა არ გამართულა, სადაც შევძლებდი ამ საკითხების დაყენებას. როგორც ჩანს, იკრიბება უმრავლესობის ელიტა და იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენ უნდა აღვასრულოთ“, –  აღნიშნავს  ის ინტერვიუში.

დავითაშვილის განცხადებით, უმრავლესობის მხრიდან მასსა და სერგო რატიანს შორის ტოლობის ნიშნის დასმა არასწორია. უმრავლესობის დეპუტატი აპირებს, ეს საკითხი უმრავლესობის სხდომაზე განიხილოს და თუ საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ კობა დავითაშვილის ყოფნა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში არის სამარცხვინო, ის არის სერგო რატიანის დონის მოღვაწე და ამომრჩევლისგან ხმას არ იმსახურებს, მაშინ ის დაემორჩილება ამ გადაწყვეტილებას, თუმცა სახლში დაჯდომის გარანტიას ვერავის მისცემს და პოლიტიკიდან არ წავა.

დავითაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ უმრავლესობის მხრიდან „შერჩევით სამართალს“ აქვს ადგილი.  უმრავლესობის წევრები,  დავითაშვილის განცხადებით,  „სისხლის სამართლის დამნაშავე ბაქრაძეს უღიმიან, ხელს ართმევენ და მასთან კოჰაბიტირებენ, ხოლო კობა დავითაშვილისთვის სხვა განმარტებები აქვთ შემონახული. ეს გუნდი არ არის, გუნდი ასე არ იქვევა“.

დავითაშვილის პასუხად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ მან არ იცის თუ ვის გულისხმობს დავითაშვილი ელიტაში. „უმრავლესობა ვართ უმრავლესობა“, – განაცხადა საგანელიძემ პრესასთან საუბრისას. „უმრავლესობის სხდომა ხშირად ვერ იმართება, რადგან მოგეხსენებათ, რომ თბილისში არ გვაქვს ადგილი, რომ შევიკრიბოთ“, – დასძინა დეპუტატმა. 

 

კომენტარები