ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, დღეს გავრცელებულ ვიდეომასალას ფაბრიკაციას უწოდებს და მისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. ია მეტრეველმა ამის შესახებ Prime Time-ის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"პირველად, როდესაც ბავშვი მომიკლეს, ბანდიტად გამომიცხადა რუსთავი 2-მა. დღესაც რატომ მაინცდამაინც რუსთავი 2-ით გავრცელდა ეს კადრები. იმიტომ, რომ რუსთავი 2 ჯერ კიდევ ემსახურება ნაციონალებს და ხელმისაწვდომია დონაძისთვის", - აღნიშნა ია მეტრეველმა.
მისივე თქმით, გავრცელებული ვიდეომასალიდან ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, სადაც ისმის, რომ ''დაკავებულებს არაფერი არ აქვთ''. მეტრეველის განმარტებით, იმ ავტომატის შესახებ, რომელიც კადრებში ჩანს, ''გამომძიებელმა შალვა მიქაბაძემ განაცხადა, რომ ავტომატი მანქანაში ჩაადებინეს, შემდეგ ამოაღებინეს, რაც გადაიღეს''.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, კურიერის 12:00-საათიან გამოშვებაში გაავრცელა დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია თუ რა ვითარებაში დაიღუპა ბუტა რობაქიძე.
ტელეკომპანიას აღნიშნული მასალა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ გადასცა.