ჩეხეთი

ოპონენტები ჩეხეთის პრეზიდენტს სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ

ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსს ოპონენტები სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ. სენატორების ნაწილმა პარლამენტში ამ ბრალდების წასაყენებლად საჭირო ხმებიც მოაგროვა. საკითხის განხილვის ინიციატივით 28 სენატორი გამოვიდა, ერთით მეტი, ვიდრე საჭიროა ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად. დებატების დაწყების თარიღს პარლამენტის თავმჯდომარე, მილან შტეკი განსაზღვრავს.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტისთვის ასეთი სახის ბრალდების წაყენების უფლება მხოლოდ სენატს აქვს.

ოპონენტები ბრალდების წაყენების ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 2013 წლის ორ იანვარს პრეზიდენტმა ამნისტია გამოაცხადა, რომლის წყალობითაც თავისუფლება ენიჭება ჩვიდმეტ ათასზე მეტ ბრალდებულს, რომლებიც ეკონომიკური დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს. განსაკუთრებული გაღიზიანება ამნისტიის იმ პუნქტმა გამოიწვია, რომელიც გულისხმობს იმ დანაშაულების გამოძიების შეჩერებას, რომლებიც რვა წელზე მეტია გრძელდება, ხოლო სასჯელის მაქსიმალური ვადა არ აღემატება ათ წელს, რის გამოც ბევრი ხმაურიანი ეკონომიკური საქმე დაიხურა.

სენატის საჩივრის გარდა, ჩეხეთში პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს, რომელიც კლაუსის დასჯას ითვალისწინებს სახელმწიფოს ღალატისთვის. პეტიციას 10.5- მილიონიან ქვეყანაში 73 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. ჩეხეთის კანონმდებლობით, მოქმედი პრეზიდენტის დადანაშაულება მხოლოდ სახელმწიფოს ღალატის და კონსტიტუციის დარღვევის საბაბით შეიძლება.

ყველაზე დიდი სასჯელი, რაც შეიძლება ვაცლავ კლაუსს დაეკისროს, თანამდებობის დატოვებაა, ასევე მომავალში მისი დაკავების უფლების წართმევა, თუმცა მისი უფლებამოსილება 7 მარტს ისეც იწურება.

კლაუსი ბრალდებებს პოლიტიკურ თამაშს უწოდებს. საინტერესოა, რომ ჩეხეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, მილოშ ზემანმა (რომელმაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა), დადებითად შეაფასა იმ სენატორების ქმედება, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს მოქმედი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებას. 

 

 

 

 

 

კომენტარები