პარლამენტი

ახალი კანონპროექტით იუსტიციის მინისტრს იურიდიული განათლება აღარ მოეთხოვება

საქართველოს პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის მინისტრი პროკურორი აღარ იქნება და, შესაბამისად, მას იურიდიული განათლებაც არ მოეთხოვება. კანონის ინიციატორი პარლამენტარი კობა დავითაშვილია. იმის გასარკვევად, უკავშირდება თუ არა კანონპროექტი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის უმაღლესი განათლების საკითხს, ტაბულა კანონპროექტის ავტორს კობა დავითაშვილს დაუკავშირდა.

დავითაშვილი კანონპროექტის იუსტიციის მოქმედი მინისტრის იურიდიული განათლების საკითხთან კავშირს უარყოფს. იგი აცხადებს, რომ კანონპროექტი საჭიროა, რათა პროკურატურა იუსტიციის სამინიტროსგან უფრო დამოუკიდებელი გახდეს და იუსტიციის მინისტრი უბრალოდ მინისტრი იყოს. 

პარლამენტარის თქმით, თუ დადასტურდა, რომ წულუკიანს უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს, მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები მაინც ძალაში დარჩება, რადგან ის მინისტრია და არა მხოლოდ პროკურორი. 

კითხვაზე, ბათილი იქნება თუ არა თეა წულუკიანის მიერ განხორციელებული საპროკურორო საქმიანობა, მაგალითად, გიგი კალანდაძის დაკავება, რომელიც,  წულუკიანისვე განცხადებით, პირადად მისი ბრძანებით დააკავეს, პარლამენტარი პასუხობს: "დააკავა და დააკავა, რა ვუყო".

 

კომენტარები