რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

აბაშიძე: რუსული მხარე სავიზო რეჟიმის შემსუბუქების საკითხს განიხილავს

რუსული მხარე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების საკითხს განიხილავს , - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გრიგორი კარასინთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის ახალ სფეროებად მეცნიერება და ჯანდაცვა განისაზღრა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა საქმიან და კონსტრუქციულ ვითარებაში განიხილეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ის სფეროები, რომლებზეც პირველ შეხვედრაზე იმსჯელეს.

მისივე თქმით, აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობების განხრით გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქართული ექსპორტის განახლებას რუსულ ბაზარზე. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სატრანსპორტო კავშირების აღდგენის მიზნით, კერძოდ, რეგულარული საავიაციო რეისების, ასევე, სატვირთო საავტომობილო მიმოსვლის განახლების თვალსაზრისით. 

"რუსეთის მხარე ამ ეტაპზე განიხილავს საკითხს არსებული სავიზო რეჟიმის შემსუბუქების თაობაზე. ორმხრივი დიალოგის ფარგლებში თანამშრომლობის ახალ სფეროებად მოინიშნა მეცნიერება და ჯანდაცვა. შეხვედრის მსვლელობისას ხაზგასმით აღინიშნა ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობა და მისი შემდგომი გაგრძელების აუცილებლობა საერთაშორისოდ შეთანხმებულ ფორმატში", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ .

აბაშიძის ინფორმაციით, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის მორიგი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან დაახლოებით ორი თვის შემდეგ გაიმართება.

აბაშიძესა და კარასინს შორის პირველი შეხვედრა გასული წლის 14 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა.

 

კომენტარები