რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

კარასინი: საქართველოსთან კონტაქტებს „ოკუპაციის“ თემა ართულებდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა 1 მარტს პრაღაში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეცწარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შედეგები შეაჯამა.

„შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა. მან მოგვცა საშუალება წინ წავიწიოთ ზოგიერთ პრაქტიკულ საკითხში. საერთო ჯამში ეს იყო სერიოზული, ხანგრძლივი და კონსტრუქციული შეხვედრა. არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი“, - განუცხადა ИТАР-ТАСС-ის კორესპონდენტს კარასინმა.

რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რეალურად მიიჩნევს რეგულარული ავიარეისების განახლების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას. შეხვედრაზე ასევე შეეხნენ სახმელეთო მიმოსვლის საკითხსაც.

„გარდა ამისა, წინსვლა იყო ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების საკითხის განხილვაში, რომელსაც დიდი ხანია „ოკუპაციის“ თემა ართულებდა, რასაც სხვადასხვა ფორმებში გარკვეული ქართველი პოლიტიკოსები აღვივებენ. ჩვენ მოვილაპარაკეთ ასევე, ვიფიქროთ მეცნიერებისა და ჯანდაცვის სფეროში კონტაქტების გაფართოებაზე“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მან ხაზი გაუსვა მაღალ დონეზე კონტაქტებს, მათ შორის მოსკოვში საქართველოს პატრიარქის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას და ორი ქვეყნის პრემიერების შეხვედრას დავოსში. „ეს ტონალობას გვაძლევს და აჩვენებს, რომ ორივე მხარე კონტაქტებით დაინტერესებულია“, - აღნიშნა კარასინმა. 

სააგენტო РИА Новости-სთან საუბრისას კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარი სავიზო რეჟიმსაც შეეხო. „საქართველო სავიზო რეჟიმის შერბილებით არის დაინტერესებული. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სავსებით ბუნებრივია საკმაოდ მკაცრი სავიზო რეჟიმი იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ ბოლო დროს საქართველოს მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორიის რუსეთში მგზავრობის შესაძლებლობები გავაფართოვეთ. ვიფიქრებთ იმაზე, რომ გამოვიყენოთ ამ რეჟიმის შემდგომი შერბილების შესაძლებლობები. ეს საშინაო დავალებაა, რომელიც უწყებათაშორის დონეზე უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა დიპლომატმა.

მისი თქმით, აბაშიძესთან მისი მორიგი შეხვედრა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში შედგება.

 

 

კომენტარები