შს მინისტრი

ღარიბაშვილი რაფალიანცის საქმეზე: დაელოდეთ გამოძიებას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამ დრომდე ქუთაისში საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს პასუხობდა, 10 თვის ბარბალე რაფალიანცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცხელ კვალზე არ მოხდა ამ დანაშაულის გამოძიება.
"სამწუხაროდ, ის 1 თვე ფაქტობრივად დაიკარგა, საქმე გარკვეულ ჩიხში შეიყვანეს, თუმცა, მე ამასთანავე მაშინ ვიჩქარე, როცა განვაცხადე, რომ ძალიან მალე გვექნებოდა საშუალება საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა მოხდა და გამოძიების შედეგებს წარვუდგენდი. მე ამის გამო, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადე რაფალიანცის ოჯახს და საზოგადოებას. საქმე არ არის მარტივი. შეგვიძლია ამაზე არა ღია საზოგადოებისთვის, არამედ ცალკე ვისაუბროთ. თუმცა, მიმდინარეობს გამოძიება და გვაქვს რეალური პერსპექტივები", -განაცხადა ღარიბაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატების კითხვას, ამ საქმესთან კონტექსტში დაიკითხება თუ არა ქართული ოცნების დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი და ამჟამად კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ღარიბაშვილმა უპასუხა - "დაელოდეთ გამოძიებას".
შს მინისტრს ბერიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, ამ ბრალდებების ადრესატი, დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილიც ჩაეკითხა. ღვინიაშვილის თქმით, ბერიკაშვილმა მას მძიმე ბრალდებები წაუყენა პირდაპირ ეთერში და ახალ მთავრობას არ უნდა გაუჭირდეს ამ საქმის გამოძიება, იმ ფონზე, როცა პროკურატურა 10 წლის წინ მომხდარ დანაშაულს იძიებს შეუფერხებლად. ამ კონტექსტში ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ბუტა რობაქიძის საქმე შეახსენა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახალი მთავრობა "განსხვავებული პრინციპებით" მუშაობს.

კომენტარები