პატრიარქის ფონდი

პატრიარქის ფონდი სააღდგომოდ გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქციას გამართავს

კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი სააღდგომოდ მზრუნველობამოკლებული ბავშვების და გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქციის გამართვას გეგმავს.
პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ, როგორც წესი, ფონდიდან მეცნიერება და კულტურა ფინანსდება, თუმცა ფონდი სოციალურ საკითხებსაც ვერ აუვლის გვერდს. 
"ამიტომ გვაქვს, მაგალითად, ასეთი პროექტი - ბავშვებს სკოლებში ვახატინებთ ნახატებს, შემდეგ ამ ნახატებს ყიდიან და შემოსული თანხა ხმარდება მზრუნველობამოკლებულ ან ავადმყოფი ბავშვების ოჯახებს. ამ პროექტს ჩვენ გავაგრძელებთ, მაგრამ ახლა ვცდილობთ ისეთი აქცია გავაკეთოთ, რომელიც იქნება ერთჯერადი და უფრო წარმატებული. მაგალითად, ვფიქრობთ სააღდგომოდ  გავაკეთოთ აქცია, რომლის ფარგლებშიც სუპერმარკეტების ქსელში დაიდგმება კალათები და როდესაც ადამიანი ყიდულობს საკვებს, შეუძლია 2 ლარის, 3 ლარის, 5 ლარის გადადოს გაჭირვებული ბავშვებისთვის და საჩუქარი გაუკეთოს სააღდგომოდ. თან ახლა მარხვაა, ძალიან ბევრს თანხა არ ეხარჯება ხორცში და რძის ნაწარმში და შეიძლება ეს თანხა ქველმოქმედებისკენ წავიდეს", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ ნეტგაზეთთან საუბარში.
ჟვანია აცხადებს, რომ მათ, ვისაც თანხით დახმარების საშუალება არ აქვს, შესაძლებლობა ექნებათ ფონდს სხვაგვარადაც დაეხმარონ - მაგალითად, მიაწოდონ იდეები ან ფიზიკური დახმარება გასწიონ. ჟვანიას თქმით, სააღდგომოდ განხორციელებული აქციის დროს შემოსულ თანხას ფონდი სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით გადაანაწილებს.

კომენტარები