ბათუმში, დღეს მომხდარი ინციდენტის ადგილთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ობიექტის მფლობელი, საბირ ნურუევი ამტკიცებს, რომ ვიდეოკონტროლის კამერის ჩანაწერი წაშლილია. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება.
ბათუმის სახლი იმ ტერიტორიის პირდაპირ მდებარეობს, სადაც აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერი თელიასა და საია-ს თანამშრომლებს შორის ინციდენტი მოხდა.
როგორც ობიექტ ბათუმის სახლის მფლობელი, საბირ ნურუევი აცხადებს, მასთან სამოქალაქო ფორმაში გადაცმული რამდენიმე პირი მივიდა თხოვნით, რომ ეჩვენებინათ ვიდეოკონტროლის კამერის ჩანაწერი. როგორც ნურუევი ამბობს, მათ ამ პიროვნებებს აღნიშნული ვიდეოჩანაწერი აჩვენეს. მისივე თქმით, მათი წასვლის შემდეგ შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ჩანაწერი წაშლილი იყო.
შეგახსენებთ, დღეს, 28 მარტს, ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის ინციდენტი მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ შიდა მოკვლევა დაიწყო.