საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო The Guardian-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, ამგვარ შემთხვევებში უტყუარი მტკიცებულებების მოძიება რთულია, მაგრამ პოლიტიკოსების ოფშორულ კომპანიებთან კავშირმა შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას და კორუფციის რისკებს შეიცავდეს.
"ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თანამდებობის პირებმა სრულად გაასაჯაროონ საკუთარი კომერციული ინტერესები, რათა აცილებული იქნას ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები. ასევე ვფიქრობთ, რომ აუცილებელია შეიზღუდოს სხვადასხვა გარიგებები (როგორიცაა შესყიდვებისა და პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულებები) სახელმწიფოსა და ისეთ კომპანიების შორის, რომელთა საბოლოო ბენეფიციარი მფლობელების ვინაობა საზოგადოებისთვის უცნობია", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 აპრილს The Guardian-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებში რეგისტრირებული საიდუმლო კომპანიების მფლობელთა შორის საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიცაა. სიაში ივანიშვილის გარდა პაკისტანის, ინდოეთის, ტაილანდისა და ინდონეზიის მნიშვნელოვანი პირებიც მოხვდნენ.
დღეს, 5 აპრილს, ამ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა. სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობისთვის ცნობილია გარკვეული ვარაუდები იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ ერთ-ერთ კომპანიას შორის წარსულში არსებობდა საქმიანი კავშირი.
"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრემიერმინისტრი ვალდებულია, განაცხადოს მის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ გამჭვირვალობის მაქსიმალურად უზრუნველყოფისათვის, მტკიცედ დაიცავს კანონის ყველა მოთხოვნას და საჯაროს გახდის საკუთარ ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
2011-2012 წლების საანაგრიშო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი, როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატი და შემდგომში პრემიერმინისტრი, არ ფლობდა არანაირ წილს ზემოაღნიშნულ კომპანიაში. ამდენად, იგი არ იყო ვალდებული ეს განეცხადებინა დეკლარაციაში. ხოლო, რაც შეეხება მის საკუთრებაში არსებულ ამჟამინდელ აქტივებს, ეს ინფორმაცია კანონის სრული დაცვით გაცხადებული აქვს დეკლარაციაში", - ნათქვამია განცხადებაში.