რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ზურაბ აბაშიძე: აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ

აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, პრემიერ მინისტრის მიერ ნახსენები გამოძიება არ გულისხმობს აგვისტოს ომში მტყუან-მართალის გამოკვლევას, რადგან ეს უკვე გააკეთა ევროკავშირის ტალიავინის კომისიამ. აბაშიძის თქმით, ამ გამოძიების მიზანია გავაანალიზოთ, რა შეცდომები დავუშვით და არასდროს გავიმეოროთ ისინი. 

აბაშიძემ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებაც გააკეთა განცხადა. მისი თქმით, რუსეთის მიმართულებით ზედმეტმა გარჯამ შეიძლება დაწყებული რთული დიალოგი მნიშვნელოვნად დააზიანოს. სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ნორმალიზაციის მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა ზოგიერთ შემთხვევაში ზედმეტი ილუზიები და ემოციურობა გამოიწვია. 

"მედიიდან ვიღებ ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც რუსეთში კერძო პირებისა და დამოუკიდებელი ჯგუფების მიერ იგეგმება და ტარდება. ჩვენ ვერავის ვერ ავუკრძალავთ კერძო ინიციატივით რუსეთში წასვლას, ამა თუ იმ კონცერტის, თუ ბიზნესფორუმის მოწყობას. ამასთანავე, ამ მიმართულებით ჰიპერაქტიურმა და ზედმეტმა გარჯამ შეიძლება, მნიშვნელოვნად დააზიანოს რუსეთთან დაწყებული რთული დიალოგი," განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები