აქცია არა თეოკრატიას

დედაენის ბაღში აქცია ”არა თეოკრატიას” გაიმართება

დღეს, 24 მაისს, დედაენის ბაღში რელიგიური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ აქციაა დაგეგმილი, სახელწოდებით - არა თეოკრატიას. აქცია 17 მაისის პროცესებითაა ინსპირირებული, როდესაც მართლმადიდებელმა აქტივისტებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია ძალადობრივად ჩაშალეს. აქციის მონაწილეები ყველა დამნაშავის, მათ შორის სასულიერო პირების, კანონის შესაბამისად დასჯას ითხოვენ. ამ მოთხოვნით აქცია, შაბათს, 25 მაისს, დღის სამ საათზე პროკურატურასთანაც გაიმართება.

აქციაში მონაწილეობა Facebook-ზე ამ დროისთვის 2600-მდე ადამიანმა დაადასტურა. მისი მხარდამჭერები ვიდეომიმართვებსაც ავრცელებენ. LGBT უფლებადამცველი ორგანიზაცია იდენტობა აქციას არ უერთდება, რადგან თვლიან, რომ მათზე თავდასხმის რისკი მაღალია.

ეროვნული ფრონტის მიერ დაიგეგმა კონტრაქციაც, ლოზუნგით: "აიკრძალოს LGBT პროპაგანდა", რომელიც დედაენის ბაღში იმავე დღეს, 1 საათით ადრე უნდა დაიწყოს. მასში მონაწილეობას Facebook-ზე დაახლოებით 100 ადამიანი ადასტურებს. შინაგან საქმეთ სამინისტრო აცხადებს, რომ სამართალდამცველები დედა ენის ბაღში დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას კანონის შესაბამისად დაიცავენ.

კომენტარები