პროკურატურამ თამაზაშვილის დაკავების საქმეზე ყოფილი პოლიციელები დააკავა

geonews.ge

მთავარმა პროკურატურამ გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილე ყოფილი პოლიციელები დააკავა - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

უწყების ცნობით, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულები არიან: შსს-ის ყოფილი თანამშრომლები: გოჩა ბაღათრიშვილი, გოჩა ჩიტაია, ზაზა ჭაია, გრიგოლ კვინიკაძე, ვლადიმერ გამრეკლიშვილი და გივი გრავჩენკო.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, ფალსიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ ხსენებულმა პირებმა 25 მაისს პრესკონფერენცია გამართეს და მთავარი პროკურატურა ზეწოლაში დაადანაშაულეს. ზაზა ჭაიამ განაცხადა, რომ პროკურატურამ ყოფილ პოლიციელებს 24 აპრილს 24-საათიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ თამაზ თამაზაშვილის პოლიტიკური მოტივით დაკავება ეღიარებინათ. გრიგოლ კვინიკაძის მტკიცებით კი, უწყებაში დაბარებულ ყოფილ პოლიციელებს განუცხადეს, რომ თამაზ თამაზაშვილის დანაშაული რომელიმე მათგანს თავის თავზე უნდა აეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავების საქმეში მონაწილე ყველა პოლიციელს დააკავებდნენ.

 

კომენტარები