რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ონიშენკო: საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ არის ორი სამხედრო ლაბორატორია

livejournal.ru

რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ აშშ-ის მიერ დაფინანსებული ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიაზე ისაუბრა, რომელშიც მისი თქმით, ამერიკელი სამხედოები აწარმოებდნენ კვლევებს. ონიშენკომ "სწორი ნაბიჯი" უწოდა ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ქართველი სამოქალაქო ექიმებისთვის გადაცემას.

საქართველოს მთავრობის 7 მაისის განკარგულებით (#422) მოხდა რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ლიკვიდაცია, მისი ქონება კი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადაეცა.

"იქ სრულ კონტროლს ამერიკელი სამხედროები ახორციელებდნენ. საქართველოს წინა ხელისუფლებამ პრაქტიკული ჯანდაცვისა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ, სრულად მათ ხელში მოაქცია ეს სადგური. საქართველოს ახალმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სადგური დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის გადაეცა. პროფესიონალ სამოქალაქო ექიმებთან ჩვენ ყოველთვის გამოვნახავთ საერთო ენას. ეს არის დიდი ნაბიჯი, მაგრამ არა საბოლოო. საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ არის ორი სამხედრო ლაბორატორია. იმედია, რომ ისინიც იგივე ბედს გაიზიარებენ და ქართული სამოქალაქო ჯანდაცვის ხელში გადავა და მოემსახურება ქართველი ხალხის ინტერესს და არა სხვა ქვეყნის სამხედო უწყების ინტერესებს", - აღნიშნა ონიშენკომ.

მაისის ბოლოს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2008 წლიდან მოყოლებული ღორის ჭირის შედეგად მიყენებული ზარალი შეაფასა. ზარალმა 2 მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა, ამასთან განადგურდა დაახლოებით 400 ათასი ღორი.

რუსეთის მთავრი სანიტარი გენადი ონიშენკო აცხადებს, რომ ე.წ. აფრიკული ღორის ჭირის აფეთქება დაგეგმილი ეკონომიკური დივერსია იყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან განხორციელდა.

"ეჭვიც არ არის, რომ ეს ასე იყო. ეს ყველაფერი საქართველოს ტერიტორიიდან განხორციელდა და არ იყო შემთხვევითობა. ეს იყო დაგეგმილი აქცია, რომლის მიზანი იყო, ძირი გამოეთხარა რუსეთის ეკონომიკისთვის", - განაცხადა ონიშენკომ ინტერფაქსთან საუბარში.

კომენტარები