მედია

„კორექტული პასუხი“ დასავლურ კრიტიკას

Image removed.
პოლემიკაში Washington post-ის სარედაქციო საბჭოსთან, რომელმაც 31 მაისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ქართული დემოკრატია საფრთხეშია“, ჟურნალ Forbes-ის კონტრიბუტორი მარკ ადომანისი ჩაება. რომელმაც პასუხი, სახელწოდებით "Washington post-ი მართალი არ არის, ქართულ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება", 1 ივნისს ბლოგზე  გამოქვეყნა.

ავტორი, კერძოდ, აღნიშნავს, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში მრავალი მეგობარი შეიძინა, რომლებიც ხელისუფლებაში მისი ოპონენტის მოსვლას შეშფოთებით უყურებდნენ და ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ან პუტინის კაცად აღიქვამდნენ, რაც, ავტორის მტკიცებით, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ადომანისი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობით შეშფოთება არაერთხელ გამოუხატავთ. შესაბამისად, ყოფილი ხელისუფელების წევრების დაკავება, რომლებიც, სავარაუდოდ, ადამიანის უფლობების დარღვევასა და სხვა დანაშაულებში მონაწილეობდნენ, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ უნდა შეფასდეს. ადომანისის მტკიცებით,  აშშ-მა და დასავლეთმა შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავონ, დაიცადონ და კონკრეტულ მტკიცებულებებს გაეცნონ.

თავად პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც Washington post-ის სარედაქციო წერილი საქართველოს პრეზიდენტის ლობისტურ კამპანიას მიაწერა, Forbes-ში ადომანისის  ბლოგს "საოცრად კარგი და კორექტული პასუხი" უწოდა. უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა კი კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ამგვარი შეფასება Washington post-ზე "უფრო მნიშვნელოვან" გამოცემაში გამოქვეყნდა.

თავად ამ სტატიის ავტორი კი, მადლობას ინფორმაციის მიწოდებისათვის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელს მაიკლ ჩეჩირეს უხდის, რომელიც საკუთარ ბლოგებსა და ტვიტერზე ხშირად ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მხარდამჭერ კომენტარებს აქვეყნებს. ადომანისმა ჩეჩირეს კავკასიის შესახებ ინფორმაციის მიუკერძოებელი წყარო უწოდა.

როგორც მარკ ადომანისი Forbes-ში უთითებს, მისი სპეციალობა რუსეთის ეკონომიკა და დემოგრაფიაა. ადომანისს რუსულენოვან ინტერნეტპორტალ inosmi.ru-ზე საკუთარი საავტორო რუბრიკა აქვს, სადაც აქვეყნებს ანალიტიკურ წერილებს საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის თემებზე. ასევე, ექსპერტის სტატუსით თანამშრომლობს რუსულ ინგლისურენოვან ტელეარხთან Russia Today, რის შესახებაც   inosmi.ru-ზე საგანგებოდ არის მითითებული.  

ერთ-ერთი სტატიაში ადომანისმა განმარტა, რომ კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხისგან ხელფასს არ იღებს და მას მხოლდ კომენტარებს აძლევს. თუმცა, Russia Today-ს საინფორმაციო პოლიტიკის გამართლებას იმავე Forbes-ში არაერთი წერილი მიუძღვნა. მაგალითად, 2011 წლის ივნისში, ასევე - მიმდინარე წლის 30 მაისს.

ადომანისი ამერიკელ ექსპერტებს შორის რუსული პოლიტიკის მხარდამჭერის რეპუტაციით სარგებლობს. მას კრემლის პოლიტიკა არაერთხელ გაუმართლებია. მაგალითად, 14 იანვარს Forbes-ში  გამოქვეყნებულ ბლოგში იგი წერდა, რომ პუტინის მიმართ ზიზღი და "სიძულვილი რუსული ეკონომიკის მიმართ ბევრი ადამიანისთვის ნამდვილ სამსახურად იქცა", რაც ხელს უშლის რუსული ეკონომიკის კურსის სწორად შეფასებას. თებერვალში კი inosmi.ru-ში იგი წერდა, რომ "თუ აშშ როდესმე ანალოგიური ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე ეგოისტურად და ანგარებით მოიქცევა, როგორც რუსეთი".

რაც შეეხება საქართველოს, ადომანისმა გასული წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბლოგზე ვრცელი კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს "საზარელი ავტორიტარული მიდრეკილებები ჰქონდა" და "მასობრივი პოლიტიკური დაშინების ატმოსფერო შექმნა". ასევე აკრიტიკებდა დასავლელ ექსპერტებს საქართველოს სავალალო ეკონომიკური სიტუაციის არცოდნის გამო, რამაც წინა ხელისუფლების მარცხი განაპირობა. 

კომენტარები