საქართველო - NATO

რასმუსენი: რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, ვინ გახდება NATO-ს წევრი

denesen.mk

რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, ვინ გახდება ალიანსის წევრი - აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ისაუბრა.

„პირველ რიგში, გავიმეორებთ იმ გზავნილს, რომელიც საქართველოს უკვე გავუგზავნეთ 2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. რა თქმა უნდა, საქართველომ ამისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ ხელს შევუწყობთ მთავრობას, განაგრძოს რეფორმები, რომ ეს კრიტერიუმები დააკმაყოფილოს." - ამბობს ალიანსის გენერალური მდივანი.

მისივე თქმით, მსგავს გადაწყვეტილებებს NATO იღებს და ალიანსის კარი ღია რჩება:

„ვერც რუსეთი და ვერც სხვა, მესამე ქვეყანა ვერ ჩაერევა ნატოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ნატოს ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ შეიძლება მოვიწვიოთ ევროპული დემოკრატიული ქვეყნები, თუ ისინი საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, შემოუერთდნენ NATO-ს. NATO და NATO-ს საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ ჩვენი კარი ღია რჩება. ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები, თუ მათ აქვთ ამის სურვილი და აკმაყოფილებენ საჭირო კრიტერიუმებს. ასე რომ, რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, ვინ გახდება ალიანსის წევრი."

ინტერვიუში რასმუსენი ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო:

„ძალიან გვაღელვებს მავთულხლართების გავლების საკითხი. ეს ეწინააღმდეგება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და სრულიად მიუღებელია ჩვენთვის. მოვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებთ საქართველოში ვიზიტისას და დაჟინებით მოვითხოვთ რუსეთისგან, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები."

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში 26-27 ივნისს გაიმართება. დელეგაციას, რომელშიც NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებიც იქნებიან, ალიანსის გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს.

კომენტარები