მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გაზეთ ყველა სიახლესთან ინტერვიუში გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ლევან ბერძენიშვილის განცხადებას ეხმიანება. უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა 19 ივნისს კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ "ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და სუფრის სხვა წევრები გირგვლიანის წამების შესახებ ინფორმირებული იყვნენ. მეტიც, იმ ტყიდან, სადაც გირგვლიანს აწამებდნენ, არსებობს სატელეფონო საუბარი, რომლის მიხედვითაც, სალაყაია და მისი მეგობრები 43 წუთის განმავლობაში ისმენდნენ, როგორ აწამებდნენ გირგვლიანს". როგორც არჩილ კბილაშვილი აცხადებს, საქმის მასალებში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს.
არჩილ კბილაშვილის თქმით, გირგვლიანის საქმეში არის ახალი დეტალები, რომლებიც საზოგადოებისთვის ჯერ ცნობილი არ არის. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ განსაზღვრა მთავარი პირი, ვინც დაუშვა მართლმსაჯულების გამრუდება, საქმის უმნიშვნელოვანესი მომენტი - გარდაცვალება - ჯერჯერობით კვლავ სათანადო შეფასების გარეშე რჩება.
"სასამართლოს ოთხი პირი არ დაუსჯია მკვლელობისთვის, 108-ე მუხლით. ამ ეტაპზე არც ჩვენ ვაცხადებთ, რომ იქ მოხდა მკვლელობა, რადგან გვაქვს სხვადასხვა მტკიცებულება და მიმდინარეობს მათი შეჯერება. გამოძიებას აქ ჯერ კიდევ აქვს სათქმელი. ჩვენ, ასე ვთქვათ, გამოძიებული გვაქვს საქმის მეორე ეპიზოდი. გირგვლიანის დასჯის გადაწყვეტილება დათა ახალაიამ მიიღო და ამისათვის მას ბრალს წარვუდგენთ, მაგრამ მისი დასჯის გადაწყვეტილება შეიცავდა თუ არა მკვლელობას, რამ გამოიწვია გარდაცვალება, ეს ყველაფერი გამოძიების დონეზე, ჯერ კიდევ შესწავლის საგანია", - განაცხადა კბილაშვილმა.