მთავარი პროკურატურა

მეგის ქარდავას ბრალი თანხების მითვისებისთვის წაეყენა

geonews.ge

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში თანხების მითვისებისთვის მიეცა. 

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მასალებით დადგინდა, რომ მეგის ქარდავამ 2012 წლის 1 თებერვლიდან 6 ივლისამდე პერიოდში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო განყოფილებიდან, ფარული ხარჯების მუხლით, ოპერატიული ღონისძიების მიზნით გამოყოფილი სხვადასხვა ოდენობის თანხების ეტაპობრივად "უკანონოდ გატანის გზით მიითვისა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 496 ათას 273 ლარი".

პროკურატურის ცნობით, 2012 წლის 21 თებერვლიდან 2012 წლის 10 ივლისამდე პერიოდში, ქარდავამ ასევე ეტაპობრივად გაფლანგა იმავე მუხლითა და იმავე მიზნით გამოყოფილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 188 ათასი ლარი.

მეგის ქარდავას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. მასზე ძებნა გამოცხადდა.
ამავე საქმეში ბრალდება წარდგენილი აქვს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ყოფილ უფროსს მალხაზ ბოხუას.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები