საკონსტიტუციო ცვლილებები

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მედიას და არასამთავრობოებს გააცნეს

parliament.ge

დღეს, 5 ივნისს, სასტუმრო რედისონში პარლამენტის 79 წევრის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტები მედიასაშუალებების წარმომადგენლებს წარუდგინეს განსახილველად. შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ მოაწყო, რომლის შემადგენლობაშიც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. თუმცა, უმცირესობის წარმომადგენლები შეხვედრას არ ესწრებოდნენ, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სამ ეტაპად განხორციელდება. ახლო მომავალში კონსტიტუციის რეფომირებისთვის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაც შეიქმნება. ამ ეტაპზე კი რამდენიმე ცვლილების შეტანა იგეგმება, რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გადაუდებელია. წარმოდგენილი ცვლილებები შეეხება პრემიერის უფლებამოსილებას საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ორმაგ მოქალაქეობას, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცედურებს და სხვა საკითხებს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციიდან უნდა ამოიღონ ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც ამავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ასევე, 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ არ უნდა ამოქმედდეს ის ნორმა, რომელიც პრემიერს საშუალებას მისცემს, პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცების შემდგომ, მისი შემადგენლობა თუნდაც მთლიანად შეცვალოს. ცვლილებების პროექტის თანახმად, ძალაში უნდა დარჩეს არსებული ნორმა - თუ მთავრობის 1/3 შეიცვალა, პარლამენტმა მას თავიდან უნდა გამოუცხადოს ნდობა.

კიდევ ერთი ცვლილება ეხება საკონსტიტუციო კვორუმს, რომელიც წლის ბოლოდან 3/4 უნდა გახდეს. უსუფაშვილის განცხადებით, ის შესაცვლელია, რადგან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მაშინ უნდა გართულდეს ამგვარად, როდესაც ის უკვე გასწორებული იქნება. ”ჩვენ პირიქით არ უნდა დავიწყოთ ცხოვრება. გასასწორებელი ჩავკეტოთ და მერე ვიწვალოთ მის გასწორებაზე”, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ, აღნიშნა, რომ საზოგადოების ჩართულობა არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შემდეგ სახალხო განხილვის პროცესშია მნიშვნელოვანი, არამედ მანამდეც და ძალიან ცუდი იყო ის, რომ ცვლილებების შემუშავების პროცესში არ ჩართეს სამოქალაქო საზოგადოების ამ საკითხით დაინტერესებული წარმომადგენლები.

კოჟორიძე აცხადებს, რომ ის ცვლილებების ნაწილს ეთანხმება, ნაწილს კი არა. ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს იმას, რომ კონსტიტუციური ცვლილების კვორუმი შეიცვლება და იმასაც, რომ ერთ-ერთი ცვლილებით მცირდება პარლამენტის როლი ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვის პროცესში. მოქალაქეობის საკითხზე კი, კოჟორიძის თქმით, საია-ში ერთგვაროვანი პოზიცია არ აქვთ.

დღეს შეხვედრები გაიმართა პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც. ასევე დაგეგმილია შეხვედრა უნივერსიტეტის პროფესორებთან და შემდეგ უკვე განხილვები რეგიონებში გაგრძელდება. 

კომენტარები