შსს

სადავო ბინებიდან დავის დასრულებამდე გამოსახლება აღარ მოხდება

RFE/RL

უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი დავების დასრულებამდე და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბინებიდან ადამიანების გამოსახლება აღარ მოხდება. 

როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსი შსს-ზე დაყრდნობით იუწყება, შესაბამისი ცვლილება შს მინისტრმა "საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ" ბრძანებაში შეიტანა.

"ადრე სხვაგვარად ხდებოდა - დავების დასრულებას არ ელოდებოდნენ და ადამიანებს სახლიდან ასახლებდნენ. ძირითადად ეს პრობლემები იპოთეკით დატვირთულ ბინებზე არსებობდა. ამის შემდეგ მინისტრმა ეს ბრძანებით შეცვალა, რომლის თანახმადაც, სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა, გამოსახლება არ მოხდებოდა. შემდეგ გარკვეული პრეტენზიები წამოვიდა და ბრძანება ისევ შეიცვალა. ბოლოს მიხვდნენ, რომ ეს სწორი ფორმა არ იყო და ისევ ის ბრძანება ამოქმედდა, რომლის საფუძველზეც სასამართლოს დასრულებამდე ადამიანებს ვეღარ გამოასახლებენ", - განუცხადა ინტერპრესნიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.

მანამდე, იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების წყალობით, უახლოეს პერიოდში ასეულობით მოქალაქე უძრავ ქონებას დაკარგავს, უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 18 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი ბრძანებით მანამდე მოქმედი წესი შეცვალა და დაადგინა, რომ თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გამოძიება ან სასამართლო დავა მიმდინარეობდა, გამოსახლების პროცესი ავტომატურად ჩერდებოდა. თუმცა, 6 ივნისს ბრძანებაში კვლავ ცვლილებები შეიტანა, რომელთა თანახმად, გამოძიება ან სასამართლო დავა გამოსახლების პროცესს ვეღარ შეაჩერებდა.

ბოლო ცვლილება, რომელიც კვლავ გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანებაში 5 ივლისს შეიტანა.  

კომენტარები