რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

უკანასკნელ თვეებში რუსი ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაში ორჯერ დაუშვეს

Zurab Abashidze
Tabula

რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ღორის ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით კვლავ საქართველოს ადანაშაულებს.

16 ივლისს ონიშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს აშშ-ის თავდაცვის უწყების მიერ დაარსებული ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია (რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია), რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

"ეს არის ობიექტურად დადგენილი ფაქტი", - განაცხადა მთავარმა სანიტარმა და იქვე აღნიშნა, რომ ლაბორატორიის შესაქმნელად აშშ-მა 350 მილიონი დოლარი დახარჯა.

"საფრთხეს ადასტურებს ის წონადი გარემოებაც, რომ 2007 წლის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე აქტიურად ვრცელდება აფრიკული ღორის ჭირი. რუსეთის სამხრეთ რეგიონებს უზარმაზარი ეკონომიკური ზიანი მიადგათ", - განაცხადა ონიშენკომ.

მთავარი სანიტარი აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან მომავალი საფრთხის აღმოფხვრის მიზნით, რუსეთმა  გასულ წელს უკვე შეიძინა 15 მილიონი რუბლის ღირებულების მოწყობილობები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის.  მისი თქმით, მიმდინარე წელსაც იმავე ოდენობის თანხა გამოიყოფა ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად.  

დღეს, 17 ივლისს, გენადი ონიშენკოს ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

აბაშიძე აცხადებს, რომ აშშ-ის დახმარებით შექმნილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიის მაღალი დონით კმაყოფილება არ დაუმალავთ რუს მეცნიერებს, რომლებიც უკანასკნელ თვეებში ამ ლაბორატორიას ორჯერ ესტუმრნენ.

"ქართულმა მხარემ ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაცია რუსეთის წარმომადგენლებს გადასცა", -  განაცხადა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე ადასტურებს ქართული მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ რუსეთის მეცნიერებსა და ექსპერტებს კვლავაც აქვთ საშუალება ეწვიონ ე.წ. ლუგარის ლაბორატორიას და გაეცნონ მასში მიმდინარე სამეცნიერო მუშაობას და, სურვილის შემთხვევაში, ჩაერთონ კიდეც ერთობლივ პროექტებში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედ ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიას რუსეთის მთავარი სანიტარი ივლისის დასაწყისშიც აკრიტიკებდა.

 

კომენტარები