საპრეზიდენტო არჩევნები 2013

პარტიებს ფინანსური დეკლარაციის წარდგენის ვადა განესაზღვრა

ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია, ვალდებულია სამ კვირაში ერთხელ ფინანსური დეკლარაცია წარადგინოს, - ამის შესახებ "საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანებაშია ნათქვამი. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცესკო-ში რეგისტრირებული პარტიების წარმომადგენლებთან, რომლებსაც საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის უფლება გააჩნიათ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. 

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გენერალური აუდიტორის ბრძანება ზოგიერთი საკითხის დარეგულირების შესახებ. კერძოდ, პოლიტიკური პარტიები კანდიდატის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში ვალდებული არიან გახსნან საარჩევნო კამპანიის ფონდი და მხოლოდ აღნიშნული ფონდის სახსრებით დააფინანსონ წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები. ამასთანავე, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არის უფლებამოსილი წარადგინოს საპრეზიდენტო კანდიდატი, ვალდებულია არჩევნების გამოცხადების დღიდან, სამ კვირაში ერთხელ ფინანსური დეკლარაცია წარადგინოს. 

"ჩვენი მიზანია დარღვევების პრევენცია, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შემოვიფარგლოთ გაფრთხილებით და დაღვევებისგან თავშეკავების მოწოდებით, სანამ გამოვიყენებთ სანქციებს", - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა. 

კომენტარები