ბათუმის საქალაქო სასამართლო

კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

court.ge

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ირანის მოქალაქეს მოჰამმადამინ როოინტანს, რომელსაც 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობისთვის წარუდგინეს ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წინასწარი პატიმრობის შეფარდების გარემოებები სასამართლომ სპეციალურ განცხადებაში ახსნა.

"ამ ეტაპზე საქმეში მოიპოვება არსებული სტანდარტის მიხედვით ფორმალური (საპროცესო) და ფაქტობრივი საფუძველი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის, კერძოდ, ბრალდებულ მოჰამმადამინ როოინტანის მიმართ პატიმრობის გამოყენებისათვის, ვინაიდან მოპოვებული მასალები (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერების ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთები, დათვალიერების ოქმები და ამოღებული ნივთები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, მოჰამმადამინ როოინტანის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, მოჰამმადამინ როოინტანის სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემები, ნივთის ამოცნობის ოქმი, მოწმეების: ჟუჟუნა ბერიძის, ლიანა მგელაძის, ინგა დანელიას, თეა ცისკაძის, გოჩა მსხალაძის, მარიამ ჩავლეიშვილის, გურამ მიქელაძის, ქრისტინე დუმბაძის, შინდიკო რიჟამაძის, შუქრი შიშმანიძის, გელა მალაზონიას, თემურ ჯაიანის, დავით არძენაძის, რომან ლაშხიას ჩვენებები და გამოძიების მიერ მოპოვებული სხვა წერილობითი მასალები) საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” და ”გ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს ბრალდებულ მოჰამმადამინ როოინტანის", - ნათქვამია ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორია დატოვა, რაც იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ იგი მიმალვას ცდილობს. 

კომენტარები