ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)

ზურაბ ხარატიშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებს

facebook.com

 ზურაბ ხარატიშვილი ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის მიზეზად ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას ასახელებს. როგორც ზურაბ ხარატიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი აქტიურად აპირებს პოლიტიკაში ჩართვას. 
"ვიღებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვით პასუხისმგებლობას. მინდა ქართულ საზოგადოებას მოვახმარო მთელი ენერგია და გამოცდილება, იმედი მაქვს, შევძლებ ღირებული წვლილი შევიტანო პოლიტიკურ ცხოვრებაში. გამოვდივარ პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივით, მჯერა, რომ ამ კუთხით შევძლებ ღირებული წვლილი შევიტანო ქართულ პოლიტიკურ სივრცეში", - აცხადებს ხარატიშვილი.

 მისი თქმით, თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია პრემიერისა და პრეზიდენტისთვის ცნობილი იყო. ხარატაშვილმა დასძინა, რომ  ბოლო თვენახევრის პერიოდში შეხვდა როგორც პრემიერმინისტრს, ასევე პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა პოლიტიკური ძალების ლიდერებს და თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

"თვენახევრის პერიოდში მე შევხვდი პრემიერს, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარეს. მათ ჩემი სურვილი წასვლის შესახებ გავაცანი. მათთვის ეს მოულოდნელი არ იყო და ცნობილი იყო. მთავრი დისკომფორტი რაც იქმნება ახალი თავმჯდომარეა, რომლის კანდიდატურაზე შეთანხმება მოუწევს წამყვან პოლიტიკურ ძალებს", _ აცხადებს ხარატიშვილი. 
ზურაბ ხარატიშვილის თქმით, პირადი საუბრისას პრეზიდენტი და პრემიერი მასთან აცხადებდნენ, რომ უმჯობესი იქნებოდა თანამდებობა არ დაეტოვებინა. 
"რაც შეეხება ჩემს პოლიტიკაში წასვლას, ამის შესახებ პრემიერს ვესაუბრე, თუმცა არ მახსოვს ამ თემაზე ვესაუბრე თუ არა პრეზიდენტს", _ განაცხადა ხარატიშვილმა. 
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ შეიძლება იყოს ცესკოს მომავალი თავმჯდომარე, ხარატიშვილი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მას პრეზიდენტთან არ უსაუბრია.

ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა ცესკოს მთელ გუნდს, პრეზიდენტსა და პრემიერს საარჩევნო საქმიანობის მხარდაჭერისა და ჩაურევლობისათვის. 

"დღეისათვის ცესკო კარგად შეკრული გუნდია და ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ შეუფერხებლად ჩაატაროს მომავალი არჩევნები. ჩემი გადადგომით პრობლემა არ ექმნებათ საარჩევნო სუბიექტებს, ამომრჩევლებს", - აცხადებს ხარატიშვილი. 

შეგახსენებთ, ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე პარლამენტს რამდენიმე დღის წინ მიმართა. 

კომენტარები