სტიქია დასავლეთში

მოსალოდნელი ციკლონის გამო, 112 საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

112
medianews.ge

ხვალ, საქართველოში ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი და მასთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები.

„აღნიშნული სინოპტიკური პროცესი გაგრძელდება 5 სექტემბრის გვიან საღამომდე და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაწევას, ძლიერ წვიმებს, სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას და ცალკეულ მდინარეებზე ძლიერ წყალმოვარდნებს, გააქტიურდება ღვარცოფი და მეწყერსაშიში უბნები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააფრთხილა ყველა მუნიციპალიტეტი, მიიღონ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები, მოახდინონ ადგილობრივი რესურსების მობილიზაცია, რათა უამინდობას მომზადებულები შეხვდნენ", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობებს პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.

"ამინდის გაუარესების ალბათობა მაღალია. ღრუბლების საკმაოდ დიდი კონცენტრაციაა მოსალოდნელი, რაც, როგორც ჩანს, ძლიერ წვიმებს გამოიწვევს და ამით, შესაძლოა, გარკვეული სტიქიური მოვლენებიც იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ. ჩვენ, ყოველი შემთხვევისთვის, ვერთვებით იმ ნაწილში, რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობების გაფრთხილება, რომ შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებულები", - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია. მისი თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა გააფრთხილონ მოსახლეობა, რომ ავტომანქანები და სხვა მოძრავი საშუალებები ხეებს მოარიდონ.

მოსალოდნელ უამინდობასთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო. აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის მერაბ ნაკაშიძის განცხადებით, ხვალ დილიდან ზღვაში შესვლა აეკრძალება როგორც მოსახლეობას, ასევე, სასეირნო კატერებს, თევზმჭერ გემებსა და ყველა სახის მცურავ ტექნიკას.

"4-5 სექტემბერს მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წვიმა და ზღვის ღელვა. ჩვენი სამსახური ასეთი მოვლენების დროს ყოველთვის მზად არის. მობილიზებულია ტექნიკა, მზად არიან მუნიციპალიტეტები. ხულოს, ქედას, შუახევის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ბათუმის იახტკლუბის თანამშრომლები 24-საათიანი მორიგეობით მუშაობენ. ხვალისთვის ასევე, მორიგე ჯგუფებს ვამატებთ. ხვალ დილიდან ზღვაში გასვლაზე აეკრძალება ყველა სახის ტექნიკას. ასევე, წითელი ალმები აიმართება სანაპიროზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობის მსურველებს ზღვაში შესვლა ეკრძალებათ. გარდა ამისა, სანაპიროზე მაშველები იქნებიან მობილიზებულნი, რადგან ზოგი არ ემორჩილება წითელ ალამს", - აღნიშნა მერაბ ნაკაშიძემ და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მსგავსი ქარი, წვიმა და ზღვის ღელვა აღნიშნული სეზონისთვის დამახასიათებელია. მერაბ ნაკაშიძე მოსახლეობას მოუწოდებს, მეწყერული პროცესების განვითარების ან მდინარის ადიდების შემთხვევაში 112-ში დარეკონ, რომელიც ასევე საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ "112"-ის დეპარტამენტი იმუშავებს განსაკუთრებულ რეჟიმში, რათა "112"-ის სადისპეტჩერომ ოპერატიულად მიიღოს და განახორციელოს ზარების დროული დისპეტჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით", - ნათქვამია "112"-ის განცხადებაში.

იმ შემთხვევაში, თუ 4 და 5 სექტემბერს ამინდის გაუარესება საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის შეზღუდვას გამოიწვევს, "ენერგო–პრო ჯორჯია" მზად არის, ოპერატიულად აღადგინოს ელექტროენერგიის მიწოდება. "ენერგო-პროს" ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ქსელის ინფრასტრუქტურა გამართულია და მუშაობს შეფერხებების გარეშე, არ არის გამორიცხული, რომ სტიქიამ დააზიანოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, ბოძები და სხვა ინფრასტრუქტურა.

 

 

კომენტარები