სირიის კონფლიქტი

აშშ-ის სენატმა სირიაში სამხედრო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სირიაში შეზღუდული სამხედრო ინტერვენციის შესახებ ობამას გადაწყვეტილებაზე თანხმობა გასცა. თუმცა, ამის შესახებ მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. ბარაკ ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ სენატს სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდეს.

კომიტეტის 10 წევრიდან 7-მა ხმა მისცა სირიაში სამხედრო ინტერვენციას და ლიმიტი - 60 დღე დააწესა. ასევე, თქვა, რომ აშშ-ის ჯარისკაცები სახმელეთო ოპერაციას არ განახორციელებენ.

31 აგვისტოს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს. მანამდე კი საკითხი კონგრესთან უნდა განეხილა.

თუმცა, ობამამ არ გამორიცხა, რომ სამხედრო ინტერვენცია კონგრესის თანხმობის გარეშე დაეწყო. როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, მას აქვს კონსტიტუციური უფლება კონგრესის მხარდაჭერის გარეშე სამხედრო ოპერაცია განახორციელოს.

ბარაკ ობამამ თქვა, რომ სირიის ხელისუფლებამ 21 აგვისტოს დამასკოში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რამაც 1429 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ობამას თქმით, ოპერაცია შესაძლოა ხანმოკლე იყოს, თუმცა მომავალ ქიმიურ თავდასხმებს შეაჩერებს.

ობამას განცხადებამდე, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების დამადასტურებელი ფაქტები მოიპოვა და გაავრცელა.

კომენტარები