დაკავებები

მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ქრთამის აღებას ედავებიან

RFE/RL

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბორის მიქავა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1966 წელს დაბადებულმა ბორის მიქავამ, მარტვილის რაიონში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ე.წ. "კანიონის" ტერიტორიაზე მდებარე 2500 კვ/მ ფართობის მიწის მასივის გასხვისებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დახმარებისა და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 5000 ლარი. ასევე, მიწის შეძენით დაინტერესებულ პირს დაპირდა, რომ გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას და მისცემდა საშუალებას ზემოთხსენებულ ტერიტორიაზე მშენებლობა დაეწყო კანონით სავალდებულო სამშენებლო ნებართვისა და პროექტის დამტკიცებამდე. შსს-ს მტკიცებით, ბორის მიქავა ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე (სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.
გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. 

ბორის მიქავა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია, გუშინ, საკუთარი კაბინეტიდან ხელბორკილებით გაიყვანეს, შსს თანამშრომლებმა კი, მისი კაბინეტი გაჩხრიკეს. 

 

კომენტარები