სირიის კონფლიქტი

აშშ-ის კონგრესი სირიაში სამხედრო ინტერვენციის შესახებ დებატებს დღეს დაიწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი სირიაში სამხედრო ინტერვენციის შესახებ დებატებს დღეს დაიწყებს.

"ჩვენ ველოდებით, რომ წარმომადგენელთა პალატა ამ საკითხს 9 სექტემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში შეისწავლის", - აღნიშნავს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ჯონ ბონერი. 

5 სექტემბერს ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სირიაში შეზღუდული სამხედრო ინტერვენციის შესახებ ობამას გადაწყვეტილებაზე თანხმობა გასცა. კომიტეტის 10 წევრიდან 7-მა ხმა მისცა სირიაში სამხედრო ინტერვენციას და ლიმიტი - 60 დღე დააწესა. ასევე, თქვა, რომ აშშ-ის ჯარისკაცები სახმელეთო ოპერაციას არ განახორციელებენ.

31 აგვისტოს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს. მანამდე კი საკითხი კონგრესთან უნდა განეხილა.

თუმცა, ობამამ არ გამორიცხა, რომ სამხედრო ინტერვენცია კონგრესის თანხმობის გარეშე დაეწყო. როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, მას აქვს კონსტიტუციური უფლება, კონგრესის მხარდაჭერის გარეშე სამხედრო ოპერაცია განახორციელოს.

ბარაკ ობამამ თქვა, რომ სირიის ხელისუფლებამ 21 აგვისტოს დამასკში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რამაც 1429 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ობამას თქმით, ოპერაცია შესაძლოა ხანმოკლე იყოს, თუმცა მომავალ ქიმიურ თავდასხმებს შეაჩერებს.

ობამას განცხადებამდე, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების დამადასტურებელი ფაქტები მოიპოვა და გაავრცელა.

კომენტარები