უფასო სახელმძღვანელოები

უფასო ახალი სახელმძღვანელო, შესაძლოა, ყველა მოსწავლემ ვერ მიიღოს

sknews.ge

ახალ სასწავლო წელს უფასო ახალი სახელმძღვანელო, შესაძლოა, ყველა მოსწავლემ ვერ მიიღოს. სკოლებში ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად, დარიგდება ის წიგნებიც , რომლებიც სოციალურად დაუცველმა მოსწავლეებმა გასულ წლებში უფასოდ მიიღეს, გამოიყენეს და სკოლას დაუბრუნეს. 

დღეს განათლების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ მეორადი სახელმძღვანელოების გამოყენება მხოლოდ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში მოხდება.

განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის,  თქმით,  უფასო სახელმძღვანელოების პროექტზე მუშაობის დაწყებისას სკოლების საჭიროებები შეფასდა. თუმცა , გამომდინარე იქიდან, რომ სკოლებში მობილობა მუდმივი პროცესია, ეს ზოგიერთ სკოლას კრიტიკულ სიტუაციაში აგდებს.

”მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი იყო თითოეულ სკოლაში, თითოეულ კლასში სახელმძღვანელოები მეტობით შესულიყო, რაც +5 კომპლექტით შემოიფარგლა. შესაძლებელია აღმოჩნდეს სიტუაცია, რომ არ ეყოთ ეს ნამატი სახელმძღვანელოც და დასჭირდეთ მეორადი სახელმძღვანელოს გამოყენება.  მითითება რესურსცენტრებს აქვთ ასეთი, რომ თუ რომელიმე სკოლაში იქნება სახელმძღვანელოს დანაკლისი, იმ რაიონში, იმ რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე, აუცილებლად იქნება სკოლა, სადაც სახელმძღვანელო მეტობით იქნება. რესურსცენტრებს ევალებათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სკოლებს შორის სახელმძღვანელოების შიდა გადანაწილება. თუ ამანაც არ გაჭრა და მაინც არსებობს კრიტიკული სიტუაცია, ასეთ შემთხვევაში გამოიყენებენ მეორად სახელმძღვანელოებს. ეს არ იქნება 0.1%-ზე მეტი. მოგეხსენებათ, რომ ზაფხულში გაიხსნა ახალი სკოლები,კერძო სკოლები, მობილობა იყო,მერე უკან დაბრუნება, ეს პროცესი არის დაუსრულებელი და შესაბამისად, თუკი იქნება კრიტიკული სიტუაცია, რისკის არსებობის შემთხვევებიც გათვლილია და მაშინაც იყო გათვლილი, რომ გამოიყენონ ის სახელმძღვანელოები, რომლებიც გასულ წელს იყო გამოყენებული, მაგრამ შეფასებულია ძალიან მაღალი ქულით ანუ უნდა იყოს კარგად შენახული, კარგად მოვლილი სახელმძღვანელო.” - აღნიშნავს გიგაური.

გიგაურმა ასევე აღნიშნა, რომ მეორადი წიგნების გადანაწილება თანაბრად მოხდება.

”დავუშვათ რომელიმე სკოლას დასჭირდა ორი კომპლექტის დამატება, ამ შემთხვევაში ეს მეორადი კომპლექტი არ უნდა შეხვდეს მთლიანად ერთ ბავშვს, ანუ გაირკვეს ეს სახელმძღვანელოები და მაქსიმუმ თითო საგანში შეხვდეს თითო ბავშვს. უნდა გადანაწილდეს ისე, რომ არავინ არ იყოს რაიმე ნიშნით გამორჩეული.თანაბრად უნდა გადანაწილდეს. ” - ამბობს გიგაური.

მეორადი სახელმძღვანელოების გამოყენება პირველკლასელებზე არ გავრცელდება. ”რადგან გაცილებით მეტი სახელმძღვანელოა დაბეჭდილი.რვეულების გამოყენება კი მით უფრო შეუძლებელია, რომ მეორად გამოყენებას დაექვემდებაროს.”- აღნიშნავს გიგაური.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი განათლების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, სასკოლო სახელმძღვანელოები ყველა მოსწავლეს უფასოდ დაურიგდება.

კომენტარები