ვერტმფრენების გასხვისება

ეკონომიკის სამინისტრო: ხელისუფლებას ვერტმფრენების გაყიდვა მართლაც სურს

economy.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო SUPER PUMA–ს ტიპის ვერტმფრენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს თქმით, ხელისუფლებას მათი გაყიდვა მართლაც სურს.

აღნიშნულის მიუხედავად, სამინისტრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ანდრო ბარნოვს "მთელი რიგი მცდარი ცნობების" გავრცელებაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ვერტმფრენების გაყიდვის აკრძალვის თაობაზე გამოცემული ბრძანებულების აქტი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

"2010 წელს საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ EUROCOPTER-თან ხელი მოაწერა 2 ერთეული არა სამხედრო დანიშნულების, არამედ სამოქალაქო დანიშნულების ვერტფრენის შესყიდვას, კერძოდ, საუბარია SUPER PUMA–ს ტიპის ვერტმფრენებზე, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდა ამა წლის ზაფხულში. უნდა აღინიშნოს, რომ ვერტმფრენები არ არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, არამედ მათ განკარგვაზე, როგორც სახელმწიფო ქონებაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელზე დაყრდნობითაც ის კრძალავს ვერტმფრენების გასხვისებას, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული და მას არ ჰქონდა მსგავსი ტიპის სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლება", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, ბარნოვის განცხადება, თითქოს პრეზიდენტ სარკოზის ძალისხმევით გადმოეცა საქართველოს ოთხი ერთეული სამხედრო ვერტმფრენი, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან საქართველოს მთავრობის სახელით ხელშეკრულება გაფორმებული  მხოლოდ 2 სამოქალაქო დანიშნულების ვერტმფრენზე იყო. მათი ღირებულება საერთო ჯამში 55 მილიონ ევროს აღწევს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ თანხის დიდი ნაწილი საგარეო ვალიდან მოზიდული რესურსითაა გადახდილი და სესხის უკან დაბრუნების ვადა ჯერ არ დამდგარა.

"საქართველოს მთავრობას მართლაც აქვს გადაწყვეტილი, რომ მოხდეს ზემოაღნიშნული 2 SUPER PUMA–ს ტიპის ვერტმფრენის გასხვისება, თუმცა მათში გადახდილი ფასი იმდენად მაღალია, რომ პოტენციური მყიდველის მოძიება გართულებულია და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ცნობილი დილერები უარს ამბობენ ამ ფასის ფარგლებში მათ შესყიდვაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ შესყიდული ერთ–ერთი ვერტმფრენი არის VIP კატეგორიის, რომლის სალონი საქართველოს პრეზიდენტის გემოვნების შესაბამისად, სპეციალური შეკვეთით არის მოწყობილი და თავიდანვე განკუთვნილი იყო მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს და მიზნად ისახავს საზოგადოების მიზნობრივად შეცდომაში შეყვანას, ისევე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული კანონიერ საფუძველს მოკლებული ბრძანება ემსახურება მხოლოდ ერთჯერად პიარკამპანიას", - ამბობენ სამინისტროში.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქვეყნის საკუთრებაში არსებული ორი ფრანგული წარმოების ვერტმფრენის გასხვისების აკრძალვის ბრძანება გამოსცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის, თქმით, ქვეყნის პირველ პირს აღნიშნული ვერტმფრენების გასხვისებით სამხედრო ძალების დასუსტება დაუშვებლად მიაჩნია.

"როგორც იცით, საქართველო არის მთაგორიანი ქვეყანა და ამ ტიპის ტექნიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამაშველო ოპერაციების საწარმოებლად. სამწუხაროდ, დღეს პრემიერის საკუთრებაში არსებული ერთი რუსული წარმოების ვერტმფრენის გარდა, სხვა მსგავსი ტიპის რუსული წარმოების ტექნიკის რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია, რაც აღნიშნული ფრანგული წარმოების ვერტმფრენების მნიშვნელობას ერთიორად ზრდის", - თქვა ბარნოვმა.



კომენტარები