ვანო მერაბიშვილის საქმე

სასამართლო: მერაბიშვილის საქმეზე სასამართლოს კანონი არ დაურღვევია

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ბრალდებულ ვანო მერაბიშვილსა და მის ადვოკატებს პასუხობს. განცხადების მიხედვით, მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეზე სასამართლოს მხრიდან რაიმე ფორმით კანონდარღვევაზე საუბარი დაუსაბუთებელი და არასწორია. სასამართლოს ინფორმაციით, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეებს საჭიროების შემთხვევაში და მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, დაევალათ საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატებში, ან საგამოძიებო კოლეგიაში.

"დამატებით განვმარტავთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში უფლებამოსილებას ახორციელებდა მხოლოდ ერთი მოსამართლე - მალხაზ ოქროპირაშვილი. 2013 წლის 15 მაისის მდგომარეობით, საგამოძიებო კოლეგიაში განსახილველმა საქმეებმა მკვეთრად მოიმატა - განსახილველად შემოვიდა 159 საქმე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი დაფიქსირებულია მხოლოდ 21. შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით საგამოძიებო კოლეგიაში განისაზღვრა მოსამართლეთა შემდეგი რიგითობა: 1. გურული მალხაზი. 2. ოქროპირაშვილი მალხაზი. აღნიშნული ბრძანება ძალაშია დღეის მდგომარეობითაც. ზემოთქმულის გათვალისწინებით, განსასჯელ ვანო მერაბიშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმეზე სასამართლოს მხრიდან რაიმე ფორმით კანონდარღვევაზე საუბარი დაუსაბუთებელი და არასწორია", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არაუფლებამოსილმა მოსამართლემ შეუფარდა.

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული, რომელმაც ძალაში დატოვა მერაბიშვილის აღკვეთის ღონისძიება, არის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი (იხ. დანართი 1, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილი 505/651-03). საქართველოს კანონმდებლობის თანახმად (საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 23, პუნქტები 1, 2, 3 და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მუხლი 207, პუნქტი 4 იხ. დანართი 2 და 3) აღკვეთის ღონისძიების განხილვის უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო კოლეგიის წევრ მოსამართლეს. აქედან გამომდინარე, მას არ ჰქონდა უფლება, განეხილა აღკვეთის ღონისძიება, შესაბამისად, მოსამართლე მალხაზ გურულმა დაარღვია კანონი", - აცხადებენ ადვოკატები და აღნიშნავენ, რომ მერაბიშვილის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიება მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავება. მათ ბრალი ედებათ მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

 

კომენტარები