თეთრი სახლი - რუსეთი თავისი ქმედებებით ამერიკელების გამორჩეულობას ამტკიცებს

ვლადიმირ პუტინი
Time

თეთრი სახლი ნიუ იორკ თაიმსში გამოქვეყნებულ ვლადიმირ პუტინის წერილს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ სწორედ რუსეთი ამტკიცებს თავისი ქმედებებით - ამერიკელი ხალხი გამორჩეულია. 

"რუსეთისგან განსხვავებით, აშშ მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დგას", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი ქერნიმ.

ქერნის განცხადებით, პუტინი სათანადოდ არ აფასებს ამერიკელი ხალხისთვის თავისუფლების ფასს, რომელ ტრადიციასაც რუსეთში არ იზიარებენ. თეთრი სახლის წარმომადგენელი დასძენს, რომ თავისუფალი სიტყვა რუსეთში ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო იზღუდება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნიუ იორკ თაიმსში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ობამას ნათქვამი ამერიკელი ერის გამორჩეულობაზე გააკრიტიკა.

"პრეზიდენტ ობამას განცხადება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის გამოა ამერიკა განსხვავებული და განსაკუთრებული, არის უკიდურესად სახიფათო განცხადება, მიუხედავად მოტივაციისა, რადგან ახალისებს ამერიკელ ხალხს, რომ საკუთარი თავი გამორჩეული ეგონოს. არსებობს დიდი და პატარა ქვეყნები, რომელთაც დემოკრატიული ტრადიციები აქვთ, არიან ისეთებიც, რომლებიც დემოკრატიისაკენ გზას იკვალავენ. ყველანი განსხვავებულები ვართ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთმა ყველანი თანასწორად შეგვქმნა", - წერს რუსეთის პრეზიდენტი.

პუტინმა საგანგაშო უწოდა ამერიკის პოლიტიკას, ყველა კონფლიქტი სამხედრო გზით გადაჭრას. ის წერილში აფრთხილებს ამერიკელ ხალხს, რომ სირიაზე სამხედრო იერიში კარგს არაფერს მოიტანს და რომ ამერიკელების სამხედრო ინტერვენციას კარგი არც იმ ქვეყნებისთვის და არც ამერიკის იმიჯისთვის არასოდეს მოუტანია.

"საგანგაშოა, რომ საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებისას სამხედრო ინტერვენცია ამერიკისთვის ჩვეულებრივი მეთოდი გახდა. ეს ამერიკის გრძელვადიანი ინტერესია? არა მგონია. მილიონობით ადამიანი აშშ-ში არა როგორც დემოკრატიის მოდელს, არამედ როგორც ბრუტალურ ძალას ხედავს, რომელიც თავის გარშემო კოალიციას კრავს სლოგანით - შენ ან ჩვენთან ხარ, ან ჩვენ წინააღმდეგ", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინი მიესალმა ობამას გადაწყვეტილებას, სირიაში სამხედრო ინტერვენციაზე უარის თქმაზე და აღნიშნა, რომ მასსა და აშშ-ის პირველ პირს შორის ურთიერთობაში ნდობა სულ უფრო იზრდება.

რუსეთის პრეზიდენტი დამასკის გარეუბანში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტსაც შეეხო და განაცხადა, რომ მომწამლავი აირი არა სირიის ხელისუფლებამ, არამედ ამბოხებულებმა გამოიყენეს პროვოკაციის მიზნით.

რუსეთის ფედერაციის ლიდერი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც მიმართავს და აფრთხილებს, თუ გავლენიანი ქვეყნები სამხედრო მოქმედებებს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით დაიწყებენ, მაშინ ამ ორგანიზაციასაც იგივე ბედი ეწევა, რაც მის წინამორბედ ერთა ლიგას.

"არავის სურს, გაეროს ერთა ლიგის ბედი ეწიოს, რომელიც რეალური ბერკეტების არქონის გამო დაიშალა. იგივე შეიძლება მოუვიდეს გაეროს, თუ მისი წევრი ქვეყნები სამხედრო ოპერაციებს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე დაიწყებენ", - აფრთხილებს პუტინი ამერიკელებს.

 

 

კომენტარები