რუსეთ-საქართველოს გზა

იგეგმება რუსეთ-საქართველოს გზის დაღესტნის მონაკვეთის რეაბილიტაცია

დაღესტანი
reports.travel.ru

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს გზის დაღესტნის მონაკვეთზე, რომელიც ოც წელზე მეტია ჩაკეტილია, რუსეთი აღდგენით სამუშაოებს იწყებს. ეს ინფორმაცია მაუწყებელს დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ანდრეი ბონდარევმა დაუდასტურა. მისი თქმით, გზის რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და ის დარწმუნებულია, რომ მშენებლობა მალე დაიწყება. პირველ ეტაპზე რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში საქართველოს საზღვრამდე გზის აღდგენას გეგმავენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს და ის აპირებს, გაარკვიოს, რა სამუშაოების განხორციელებაზეა საუბარი რუსეთ-საქართველოს გზის დაღესტნის მონაკვეთზე. ამასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ გააკეთა.

"ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა არც რუსული მხარის მიერ და არც ჩვენი სხვა კოლეგების მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვაქვს, თუმცა, ვაპირებთ, გავარკვიოთ რა სამუშაოებზეა საუბარი", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან, მსგავსი ინიციატივის შემთხვევაში, ამაზე სპეციალურმა კომისიამ უნდა იმსჯელოს.

"რამდენიმე კრიტერიუმია, რომელიც მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მისაღებად, რამდენად ინტენსიურია მოძრაობა, ვინაა ინიციატორი, რა არის პროექტის ღირებულება და ხანგრძლივობა. გზა კლასიფიკაციითა და დანიშნულებით მუნიციპალურია და საკითხიც მუნიციპალიტეტმა უნდა დააყენოს", - აცხადებს ნარმანია.

კომენტარები