ომბუდსმენი: პოლიციელთა შესაძლო დანაშაულის გამოძიება კანონდარღვევით ხდება

facebook.com/UchaNanuashvili

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეები პოლიციელთა მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენაზე, შემდგომი გამოძიების მიზნით დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს საქართველოს პროკურატურის გამომძიებლებს. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა 13 სექტემბერს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, განცხადება აღნიშნულ საკითხზე კი დღეს, 17 სექტემბერს, გამოაქვეყნა.

ომბუდსმენი თავის მოსაზრებას და რეკომენდაციას ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარი კონკრეტული ფაქტებისა და კანონმდებლობის შეფასებით ასაბუთებს.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განიხილავს არაერთ საქმეს, რომლებშიც ფიქსირდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე წარმოებული კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, გამოსაძიებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის იქნა გადაცემული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადიგენის რაიონული სამმართველოს ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სისხლის სამართლის საქმე მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტთან დაკავშირებით და სხვა.

ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლების თანახმად, საგამოძიებო და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 07 ივლისის "სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე" N34 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების დანართის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხსენებული ბრძანების ამოქმედებამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის "სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე" N178 ბრძანება პოლიციის თანამშრომლის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, ანალოგიურად, პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიაკუთვნებდა.

ამავდროულად, 2002 წლის 18 იანვრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის #10 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების" შესაბამისად, დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილებებში არ შედის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიების ჩატარება.

"როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ პოლიციის თანამშრომელთა მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების წარმოება არღვევს ზემოთ მითითებული ბრძანებებით განსაზღვრულ დანაწესებს. შესაბამისად, ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნის უგულებელყოფაც. ამრიგად, აღნიშნული არღვევს სახელმწიფოს ვალდებულებას გამოძიებულ იქნეს შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტი, დამნაშავე პირების მიმართ განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნეს კანონიერი განაჩენი. ვინაიდან, მოცემულ საქმეებზე მტკიცებულებების მოპოვება ხდება არაუფლებამოსილი პირების მიერ სასამართლომ შესაძლოა ისინი მიიჩნიოს სისხლის სამართლის საქმეზე დაუშვებელ მტკიცებულებებად, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად კი - დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილებას", - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი თავის არგუმენტს ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეში - ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ - არსებული ჩანაწერით, სადაც წერია: "იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტიანი იყოს, გამოძიებაზე პასუხისმგებელი და მისი წარმმართველი პირები დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი უნდა იყვნენ, როგორც სამართლის, ისე პრაქტიკის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ არ უნდა არსებობდეს იერარქიული ან ინსტიტუციური კავშირი მოვლენების მონაწილე პირებთან, არამედ ისინი პრაქტიკულადაც დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ. ეფექტიანი გამოძიება, რომელსაც მოითხოვს კონვენციის მე-2 მუხლი, განამტკიცებს საზოგადოების რწმენას, რომ ხელისუფლებას ძალუძს უზრუნველყოს სამართლის უზენაესობა, რათა აღკვეთოს უკანონო ფარული გარიგებების ნებისმიერი გამოვლინება ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება და როდესაც საქმეში სახელმწიფოს წარმომადგენლების ან სახელმწიფო ორგანოების ხელი ურევია, უზრუნველყოს, რომ მათ პასუხი აგონ თავიანთი ქმედებებისათვის, რომლებსაც შედეგად ადამიანის სიკვდილი მოჰყვა".

სახალხო დამცველის განცხადებით, მომავალში მსგავსი არასწორი პრაქტიკა საფრთხეს შეუქმის ეფექტიანი გამოძიების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს.

კომენტარები