ISFED: თვითმმართველობებში ძირითადად "ოცნების" აქტივისტები დასაქმდნენ

ნინო ხითარიშვილი და ნინო ლომჟარია
"სამართლიანი არჩევნები"

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) შეფასებით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მუნიციპალიტეტებში გამგებლების ცვლილებების პარალელურად, საკრებულოებში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების პროცესი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მიმდინარეობდა. 

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 17 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ  55 მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა ახალი ფრაქციები, რამაც რიგ შემთხვევაში ძალთა ბალანსის შეცვლა და ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბება გამოიწვია. რიგ საკრებულოებში ახალი ფრაქციები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაშლის ან წევრების გამოყოფის შედეგად შეიქმნა. რამდენიმე შემთხვევაში  კი დაიშალა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ფრაქცია.  ახლად შექმნილი ფრაქციები ძირითადად, კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს წარმოადგენენ.

"სამართლიანმა არჩევნებმა“ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებებიც შეისწავლა.  69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 55 გამგეობასა და 26 საკრებულოში განხორციელდა. თვითმმართველობებიდან მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე  გათავისუფლებულია 2 321 თანამშრომელი.  მათ შორის მასიურად გათავისუფლდნენ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები, რასაც ხშირად გამგებელთან თათბირი უძღოდა წინ.  საერთო ჯამში, 34 მუნიციპალიტეტში  დათხოვილ იქნა 519 რწმუნებული.   "სამართლიანი არჩევნები" აღნიშნავს, რომ უშუალოდ საანგარიშო პერიოდში, 2013 წლის  1 მარტიდან 1 ივნისამდე 45 მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლდა 444  თანამშრომელი. მათ შორის  94  ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.

"სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. რიგ შემთხვევებში  ათეულობით თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე განცხადება ერთსა და იმავე დღეს აქვთ დაწერილი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებით, აჩენს ლოგიკურ ეჭვს მათი გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევებში დათხოვილი საჯარო მოხელეები ადასტურებენ, რომ გათავისუფლება ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს, თუმცა უმეტესობა ფაქტის საჯაროდ აღიარებისგან თავს იკავებს. ზოგიერთმა საკუთარი გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებით ახსნა. რამდენიმე შემთხვევაში მიზეზად დაფიქსირდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვა, დაგეგმილი რეორგანიზაცია და კონკურსის გზით ახალი თანამშრომლების აყვანის სურვილი. ერთეულ შემთხვევაში კი თანამშრომელთა დათხოვნის მიზეზად დასახელდა სხვა სამსახურში გადასვლა ან შტატების გაუქმება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში ძირითადად პარტიული ნიშანი გამოიკვეთა. კონკურსი, მხოლოდ, 11 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა. პარტიული ნიშნით კი ძირითადად, კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები და მხარდამჭერები დაინიშნენ.

"სამართლიანმა არჩევნებმა" გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 აპრილის ჩათვლით მუნიციპალიტეტების საკრებულოებსა და გამგეობებში განხორციელებული საშტატო ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შესახებ. მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, 37 მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხაში განხორციელდა ცვლილებები. მათ შორის 22 მუნიციპალიტეტში მოხდა კადრების მატება, ხოლო 15 მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხაში თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა. რიგ მუნიციპალიტეტებში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია. შეიქმნა ან გაუქმდა სამსახურები, თუმცა კადრების დაკომპლექტება მოხდა არსებული საშტატო ნუსხის მიხედვით.

"ის, რომ მუნიციპალიტეტის ახალი ხელმძღვანელობა თანამშრომელთა მასიურ გათავისუფლებას ხშირად რეორგანიზაციის მიზეზით ხსნიდა, წარმოდგენილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, არ დასტურდება.  2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე რეორგანიზაციის მიზეზით შემცირებულ შტატთა რაოდენობა  გაცილებით ნაკლებია გათავისუფლებულ პირთა რაოდენობაზე,  რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ  საკადრო ცვლილებები ძირითადად ახლადდანიშნული ხელმძღვანელების ნება-სურვილით და პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული", - წერს "სამართლიანი არჩევნები“  17 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზეც, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სისტემატურად იმართებოდა საპროტესტო აქციები ადგილობრივი თანამდებობის პირთა გადადგომის მოთხოვნით.  რიგ შემთხვევებში მოქალაქეთა პროტესტმა უკანონო ფორმა მიიღო, რაც გამოიხატა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, შენობაში შეჭრაში, სხდომის ჩაშლასა და შენობების  ბლოკირებაში. მსგავსი აქციები 40 მუნიციპალიტეტში გაიმართა, 27 შემთხვევაში საპროტესტო აქციამ უკანონო ფორმა მიიღო.

"სამართლიანი არჩევნები" არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენების მონიტორინგს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ახორციელებს. ინფორმაციის ძირითად წყაროს ორგანიზაციის 73 რაიონული და 5 რეგიონული კოორდინატორი წარმოადგენს, რომლებიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში საქმიანობენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, კოორდინატორები, თავის მხრივ, ინფორმაციას თვითმმართველობიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის, მხარეებთან გასაუბრებისა და პროცესებზე უშუალო დაკვირვების გზით მოიპოვებენ. დამატებით, სამართლიანი არჩევნები ეყრდნობა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების თაობაზე, რომელთა გადამოწმებაც ადგილობრივ დონეზე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ხდება.

თვითმმართველობებში არსებულ ვითარებაზე მომზადებული კვლევა ჟურნალისტებს "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ და კვლევის ავტორმა ნინო ხითარიშვილმა გააცნეს.

კომენტარები