საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ცესკოში 23 საპრეზიდენტო კანდიდატია რეგისტრირებული

ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 23 საპრეზიდენტო კანდიდატია დარეგისტრირებული. მათ შორის არიან მიხეილ სალუაშვილი, ნესტან კირთაძე, შალვა ნათელაშვილი, სერგო ჯავახაძე, გიორგი ლილუაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ლევან ჩაჩუა, ავთანდილ მარგიანი, გიორგი თარგამაძე, კობა დავითაშვილი, დავით ბაქრაძე, ზურაბ ხარატიშვილი, თეიმურაზ მჟავია, გიორგი ჩიხლაძე, ნუგზარ ავალიანი, აკაკი ასათიანი, ნინო ჭანიშვილი, თეიმურაზ ბობოხიძე, ქართლოს ღარიბაშვილი, მამუკა ჭოხონელიძე, თამაზ ბიბილური და მამუკა მელიქიშვილი.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციისთვის ბოლო ვადა 27 სექტემბერია. დღევანდელი მონაცემებით, ცესკომ სრულად შეამოწმა პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა მხარდამჭერთა სიები და მათი რეგისტრაციის პროცესი დაასრულა. 

საარჩევნო ადმინისტრაციას პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით განცხადებით სულ 54-მა მსურველმა მიმართა, აქედან 42 საინიციატივო ჯგუფი იყო, ხოლო 12 პოლიტიკური გაერთიანება. 23 რეგისტრირებული კანდიდატიდან ათი - პოლიტიკურმა (მათგან მხოლოდ 7-ია კვალიფიციური სუბიექტი) პარტიამ წარადგინა, ხოლო 13 - საინიციატივო ჯგუფებმა. 

საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე სხვადასხვა სამართლებრივი ხარვეზების გამო 31 კანდიდატობის მსურველს უარი ეთქვა.

ცესკოს ცნობით, საპრეზიდენტო კანდიდატს საკუთარი კანდიდატურის მოხსნის უფლება არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 დღის ვადაში აქვს (17 ოქტომბერი), რის ამოწურვის შემდეგაც, ყველა დარჩენილი კანდიდატის სახელი და გვარი საარჩევნო ბიულეტენში მოხვდება.

რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგიტრაციას, 23 სექტემბრის მდგომარეობით, კომისიაში რეგისტრირებულია 37 ადგილობრივი, 23 საერთაშორისო და 18 მედიაორგანიზაცია. ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეგისტრაციისთვის ბოლო ვადა 17 ოქტომბერს ეწურებათ, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს - 20 ოქტომბერს. მედიაორგანიზაციებს აკრედიტაციის გავლა 24 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ.

ცესკო მედიასაშუალებებს მოუწოდებს, საარჩევნო პროცესების სრულყოფილად გასაშუქებლად აკრედიტაცია დროულად გაიარონ.

კომენტარები