მარიამ საჯაია აშშ-ში ისწავლის, თუმცა პარლამენტარის ხელფასს მაინც აიღებს

მარიამ საჯაია
http://telegraph.ge/

საქართველოს პარლამენტის წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მეათე ნომერი მარიამ საჯაია უახლოესი ერთი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლის, თუმცა, ის პარლამენტის დეპუტატის ხელფასს მაინც აიღებს.

მარიამ საჯაიას დედამ ნაზი არონიამ ტაბულას განუცხადა, რომ დეპუტატი ჩაირიცხა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში და ერთი წელი მაგისტრატურაში ისწავლის.

"მარიამმა დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლა და წარმატებით ჩაირიცხა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ის აშშ-ში აგვისტოში გაემგზავრა ერთი წლით", - განუცხადა ნაზი არონიამ ტაბულას.

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი ამბობს, რომ მას ჯერ არ უნახავს მარიამ საჯაიას მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი შეტყობინება სასწავლო შვებულების შესახებ.

"თუ მარიამ საჯაია მართლაც სასწავლებლად მიდის, ეს არის საპატიო მიზეზი - სასწავლო შვებულება და ის ანაზღაურებას ჩვეულებრივად აიღებს", - განგვიცხადა ირინა იმერლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მიერ საპატიო გაცდენად მიიჩნევა ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინება, ასევე პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე გამოცხადებული ბოიკოტი, როგორც ეს გააკეთა ლეიბორისტულმა პარტიამ წინა მოწვევის პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი 4 წლის განმავლობაში არ დასწრებიან პარლამენტის სხდომებს და არ უმუშავიათ საკანონმდებლო ორგანოში, უწყვეტად იღებდნენ ხელფასს.
იგივე წესი იმოქმედებს მარიამ საჯაიას შემთხვევაშიც. აშშ-ში სწავლის პარალელურად, ის საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ხელფასს, თვეში მინიმუმ 2 000 ლარს მიიღებს.

მარიამ საჯაია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის მეათე ნომერი იყო და ის გახდა საქართველოს პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი. საჯაია 21 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გახდა.

პარლამენტარობამდე მარიამ საჯაია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროგრამა Summer job-ის სპიკერად მუშაობდა.

მარიამ საჯაიას დედა ნაზი არონია 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტარი და ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, 2010 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისის აპარატის უფროსია.

მარიამ საჯაიას ოჯახის კომპანია შპს ზუგდიდის საგზაო სამმართველო წლების განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების შედეგად სამეგრელოში გზებს აგებდა და შესრულებული სამუშაოსთვის რამდენიმე მილიონი ლარი აქვს მიღებული. დეპუტატის ოჯახის წევრები ასევე იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემწირველები.

კომენტარები