პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი არგუმენტირებულ კრიტიკას უფრთხის

დღეს ტელეკომპანია ტაბულამ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართა. ამ წუთებში ივანიშვილი მედიახელმძღვანელებთან და ტელეგადაცემების წამყვანებთან შეხვედრას მართავს. ტაბულას დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე ტელეკომპანია უკვე მეორედ არ მიიწვიეს. 

"დღეს პრემიერი მეორედ მართავს შეხვედრას მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და უკვე მეორედ, ტაბულა არ მიუწვევია. ამ ქმედებით, ის ხელს გვიშლის, პირნათლად შევასრულოთ ვალდებულება ჩვენი მაყურებლის და მკითხველის წინაშე.

საქმე ისაა, რომ ეს ბატონი ქვეყნის პრემიერმინისტრია და ტაბულა ვალდებულია თავისი მაყურებლისა და მკითხველის წინაშე, ივანიშვილთან შეხვედრებზე მოხვდეს და ის კითხვები დაუსვას, რაზე პასუხების მოსმენაც ტაბულას მაყურებელს და მკითხველს აინტერესებს.

ტაბულას ვერავინ, მათ შორის ვერც პრემიერი, ვერ დასდებს ბრალს პროფესიული სტანდარტის დარღვევაში, რაც ლეგიტიმური მიზეზი იქნებოდა ჩვენი იგნორირებითვის. ტაბულას პროფესიონალიზმზე საუბრობს არაერთი კვლევა, რომელიც მედიის ქცევას აკვირდება.

ზემოაღნიშნული საფუძველს გვაძლევს, დავასკვნათ, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ტაბულას პრემიერთან შეხვედრებზე არ იწვევენ, ჩვენი განსხვავებული, მაგრამ არგუმენტებით გამყარებული შეხედულებებია. როგორც ჩანს, პრემიერი და მისი გარემოცვა ტაბულას კვალიფიკაციას და არგუმენტირებულ კრიტიკას უფრთხის.

იგივე შეიძლება ითქვას კოალიცია ქართულ ოცნებაზე. ჩვენ უკვე 10 დღეა, მაუწყებლობა დავიწყეთ. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მმართველი ძალის წევრები უარს ამბობენ ჩვენთან საუბარზე და არ გვაძლევენ საშუალებას, მაყურებლის წინაშე ჩვენი ვალი მოვიხადოთ", - თქვა ტაბულას დირექტორმა.

ბრიფინგზე თამარ ჩერგოლეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ტაბულას ეთერში დავით პაიჭაძე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას წაიყვანს.

"და ბოლოს, კარგი ამბავი - მოგეხსენებათ, როგორ სამარცხვინოდ დახურეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დათო პაიჭაძის გადაცემა. იმ მაუწყებელზე, რომელიც ჩვენი გადასახადებით არსებობს და ვალდებულია, საზოგადოების ყველა შრის, მათ შორის, ჩვენს გემოვნებასაც უპასუხოს. მოხარული ვარ გითხრათ, რომ დათო პაიჭაძე უსასყიდლოდ გააკეთებს ტაბულას ეთერში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოკშოუს, სახელად - ამაოების ბაზარი", - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას, მერაბ მეტრეველის კითხვას, თუ რატომ ვერ მოხვდა ტაბულა შეხვედრაზე, პრემიერმინისტრმა უპასუხა, რომ ტაბულა მის ყველა ბრიფინგს ესწრებოდა და ახლა ამ შეხვედრაზე მისი არდაპატიჟება გაუგებრობას უკავშირდება. მისივე თქმით, გაუგებრობის მიზეზი შეიძლება ისაა, რომ "ტაბულა ბეჭდურ მედიაში უფრო დიდი ძალაა".

 

კომენტარები